ალბათ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც  სხვისი ცხოვრების, პირადი აზრების, განცდების გაგება არ აინტერებდეს, არ სიამოვნებდეს და არ უყვარდეს. მითუმეტეს როცა საქმე ძველი ჩანაწერების, დღიურების და წერილების კითხვას ეხება, როცა შეგიძლია  მთხრობელის შინაგან ხმას, შენი თვალთახედვა დაუმატო და შენიანად განიცადო.

ყოველთვის  როცა ჩემს ძველ ჩანაწერებს  ვკითხულობ, ვერ ვცნობ ჩემს თავს, არა მგონია რომ ეს მე ვიყო მირანდა- და არც მახსოვს როცა ესეთი ვიყავი- არადა ზუსტად მახსოვს რომ ჩემი დაწერილია,  თუმცა რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის ვცნობ მას ჯინ ვებსტერის ჯერუშა ებოტს. თავშესაფრის აღსაზრდელ აღსაზრდელ გოგოს რომელიც თავისი ცხოვრების შეცვლას ხან მოთხრობა „წყეული ოთხშაბათის“ დაწერით, ხან კიდევ მისი საძულველი სახელის ჯერუშასი- რომელიც მისი ვარაუდით აღმზრდელმა მისის ლიპეტმა სატელეფონო წიგნაკის ცნობარში ამოიკითხა ჯუდით- შეცვლას ცდილობს. ხოლო ცხოვრების  მომდევნო ეტაპებზე საკუთარი თავის იდენტობის ძიებაში –  ხან საზოგადოებასთან სრული შემგუებლობა/ ასიმილაციით და სხვისთვის არაფერში ჩამორჩენის სურვილით, ხანაც კიდევ საკუთარი თავისკენ მიბრუნებაში, მისი  ხელახლა გააზრებით და გარდაქმნებით ხასიათდება.  

ჯინ ვებსტერი – იგივე ალის, ჯეინ ჩენდლერ ვებსტერი დაიბადა ამერიკაში, ნიუ – იორკის შტატ ფრედონიაში 1876 წლის 24 ივლისს. მისი მშობლები დედა – ანა მოფეტ ვებსტერი მარკ ტვენის ძმისშვილი იყო, ხოლო მამა ჩარლზ ლუთერ ვებსტერი- ტვენის ბიზნეს პარტნიორი. 1894 წელს დაამთავრა ფრედონიის სახელმწიფო კოლეჯი ფაიფურზე მხატვრობის განხრით. ხოლო 1894- 1896 ლედი ჯეინ გრეის სკოლაში ბინგემტომში სწავლობდა. პანსიონში მის ოთახის მეზობელსაც ალისა ერქვა და სწორედ ამიტომ ვებსტერმა თავისი მეორე სახელის ჯეინის ვარიაცია ჯინი აირჩია.

განსხვავებით ჯეინ ოსტინის წიგნების პერსონჟებისგან რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ მოგწონს როცა მათ შესახებ ამბის კითხვას ამთავრებ და არაფერი არ გახსენდება გარდა საუბრები ჩაის სმის დროს და საუბრები კაბებზე.

ჯუდი  ებოტის პერსონაჟი  უფრო მეტად ჩვენ გვგავს  და საკუთარი თავით გვიპყრობს: უფრო მხიარულია, ხალისიანი, ახალგაზრდა, დაუოკებელი, და დაუკომპლექსებელი, კი რა თქმა უნდა მასაც აკომპლექსებს როცა არ იცის ვინ იყვნენ მისი მშობლები ანდა მიქელ ანჯელოს- მიქაელ გაბრიელში რომ აურევს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ის არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ერთხელ მიცემული შანსის ბოლომდე გამოყენებას ცდილობს და ჩვენ მუდმივი მოქმედებისკენ განახლებისკენ, მზაობისკენ მიგვითითებს, გვახალისებს და გვაგულიანებს.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.