სიცოცხლე, თუ სიკვდილი, სიყვარული, თუ სიძულვილი, სისასტიკე, თუ სინაზე ? ეს არის კითხვები, რომელზეც ძმები კოენების ფილმი-  „ბასტერ სკრაგსის ბალადა“ ცდილობს, პასუხი გასცეს. ძმები კოენები არიან ამერიკელი რეჟისორები და ავტორები ისეთი ფილმებისა, როგორიცაა : ,,ფარგო“, ,,აუტანელი სისასტიკე“, ,,სადა ხარ ძმაო“, ,,დიდი ლებოვსკი“, ,,სუბურბიკონი“, ,,ჯაშუშების ხიდი“…

,,ბასტერ სკრაგსის ბალადა“ არის  ამერიკული ვესტერნი კომედიური- დრამის ელემენტებით, ფილმი შედგება 6 თავისგან: 1.,,ბასტერ სკრაგსის ბალადა“ 2. ,,ალგოდონეს ახლოს“ 3. ,,საჭმლის ბარათი“ 4. ,,ოქროს კანიონი“ 5. ,,გოგო, რომელიც გააგიჟეს“ 6. ,,მოკვდავი ნარჩენები“- თვითეული თავი არის დამოუკიდებელი მოთხრობა და გაერთიანებულია საერთო ხაზით, რომელსაც ამერიკის სამოქალაქო ომი უდევს საფუძვლად. ფილმში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან : ტიმ ბლეიკ ნელსონი, ჯეიმს ფრანკო, ლიამ ნისონი, ჰარი მალინგი,  ბრენდონ გლისონი,ზოე კაზანი, ტინი დილი, ბილი ჰეკი, და ტომ ვეითსი.

პირველი მოთხრობა გვიყვება  სახელგანთქმულ კოვბოი ბასტერ სკრაგსზე, რომელიც საუკეთესოდ ისვრის და კლავს, ხოლო ამის პარალელურად სიმღერებს თხზავს, გიტარაზე უკრავს  და „ქა7ნთრი“-ს,  (სოფლის,  ხალხური სტილის სიმღერებს) მღერის. კინომატოგრაფიული გადაწყვეტილებით ის კამერას უყურებს და  პირდაპირ მაყურებელს ესაუბრება,  რაც როგორც დღიურისა, თუ პირადი ჩანაწერების კითხვის დროს უფრო მეტად აღრმავებს მჭიდრო დამოკიდებულებას/ურთიერთობას მაყურებელსა და მთხრობელს შორის. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილი თავისი არსით და აზრით სულიერი სიცოცხლის გარეშე ძალიან ტრაგიკულია, აქ სიკვდილი გაჟარშებული, გამასხარავებულია იმ კომიკური სიტუაციების შექმნით, რომელიც ხდება ბასტერ სკრაგსის მიერ თოფის სროლის დაწყებამდე, გაგრძელებისას და დამთავრების შემდეგ: სამიკიტნოში, თუ პოკერის თამაშისას, ანდა  დუელის დროს.

ფილმი სრულდება სკვდილის მაცნის/ანგელოზის შავ ფერში გამოწყობილი კოვბოის მიერ ბასტერ სკრაგსის მოკვლით, სიკვდილით. თუმცა ბასტერ სკრაგსი აქაც არ წყვეტს მღერას და უკვე ანგელოზად ქცეული, ფრთებშესხმული ქნარზე განაგრძობს სიმღერას და თან იმედოვნებს, რომ სამოთხეში ბანქოს თამაშზე არ იმაიმუნებენ და სამართლიანობას გამოიჩენენ, ხოლო ის ფაქტი,  რომ მის მიერ მოკლული კოვბოები ანგელოზებად არ იქცევიან, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეს კოვბოები არ მღერიან- სიმღერა, რომელიც გარკვეულწილად გამოხატავს ტკბობას,  სიცოცხლით გამოწვეულ სიხარულს, მადლიერებას, თუკი ეს დაგავიწყდა, მაშინ ფუჭია ადამიანის სიცოცხლე და  ის ანგელოზად ვერ იქცევა, რადგან ანგელოზება სიცოცხლის, სამყაროს დიდებას მოითხოვს, ამის დამვიწყებელი კი  ტყვიით, თუ ტყვიის გარეშე უბრალოდ  სასაცილო, ბოროტ გვამად გადაიქცევა.

მეორე მოთხრობა არის  ,,ალგადონეს ახლოს“, რომელშიც ჰოლივუდის ისეთი მსახიობი თამაშობს, როგორიცაა ჯეიმს ფრანკო, ჯეიმს ფრანკო ჩემთვის ყოველთვის არასერიოზულ ფილმებთან და დამოკიდებულებებთან ასოცირდება, ასე, რომ აქ მისი სახის დანახვა და რეჟისორებისგან მსგავსი პასუხისმგებლობის ტვირთის აღება  ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნოდ განმაცვიფრებელი აღმოჩნდა. რა მოხდება, როცა  დეზებიანი, ბოროტი  ყაჩაღი განიზრახავს ბანკის გაძარცვას და მას ტაფებითა და ქვაბებით შეიარაღებული პატარა კაცუნა დაუპირსპირდება? ჯეიმს ფრანკოს გმირს ორჯერ უსჯიან სახრჩობელას, ერთს საკუთარი დანაშაულისთვის, მეორედ სხვისი, რომელიც მას არ ჩაუდენია. და აი  აქ, ამ  ცხოვრების ირონიაში, როცა ისევ კვლავ ელოდება სიკვდილს, როგორც პირველ ჯერზე, ისე მეორე, ან იქნებ  მეათასჯერადაც,  უყურებს ხალხის ჯგროს, რომელთაც თავიანთი გამწარებული ყოფიდან, სხვების ტანჯვის, სიმწარის ნახვა სურთ, ამ ბრბოში  ხედავს ცისფერ კაბიან,  შეცბუნებულ გოგოს და უეცრად ყველაფერი იცვლება, შესაძლებლობა იმისა, რომ  მათ ერთად ეცხოვრათ, ბედნიერები ყოფილიყვნენ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილაკებით, ეს წამიერი გაელვება გრძნობის,  სიცოცხლის, ცხოვრების შესაძლებლობისაა… და როდესაც ყველა ფერი წყვდიადში, სიშავეში  იძირება, მაინც რჩება ცისფერ კაბიანი გოგო, ცისფერი ფერი, მოგონებად სიცოცხლისა.

მესამე ფილმი არის ,,საჭმლის ბარათი“, ამ ფილმში თამაშობენ ლიამ ნისონი იგივე ოსკარ შინდლერი „შინდლერის სია“ და ჰარი მელინგი იგივე დადლი დარსლი  ,,ჰარი პოტერიდან“.  ამ ფილმში ჰარი მელინგის გარდასახვა ინგლისელ პოეტად,  ჩემთვის რამდენიმე, კერძოდ კი ერთი მიზეზით ნამდვილად შთამბეჭდავი და სასიხარულო აღმოჩნდა: იმ როლს, რომელსაც ის ჰარი პოტერში ასრულებს, ეს როლი კი მსუქანი, ბოროტი, უტვინო  დადლი დარსლია, რომელიც ჰარის  ამცირებს და ცუდად ექცევა, ცხოვრებაში რეალურად თვითონ არის დამცირებული ამ როლის შერულების გამო და ასეთი არასასიამოვნო ბედის გმირის განსახიერებისთვის. ცხოვრებაში, ისევე როგორც ფილმში კი ორი ტიპის გმირი არსებობს: პროტოგონისტი- ანუ ყველაზე მთავარი გმირი, და მეორე ანტაგონისტი- ანუ მოწინააღმდეგე, მტერი ამ მთავარი გმირის, ვიზეც არის აგებული ამბავი,  ისტორია,  მოთხრობა,  ფილმი. ამ ფილმში მისი პერსონაჟი არის პროფესორი მეტსახელად ,,უფრთო ჩიტი“, რომელსაც  არ აქვს ხელები,  არ შეუძლია მოძრაობა და მთლიანად არის დამოკიდებული ლიამ ნისონის „იმპრესარიო-ს“ პერსონაჟზე. უფრთო ჩიტის უხელ-ფეხობა გარკვეულწილად ყველა პოეტის, მწერლის და ხელოვანის ოჯახისთვის იქნება ცნობილი- როცა მათი ოჯახის წევრი ჩიტები ცხოვრებაში ისეთ პრაქტიკულ, საარსებო  უნარ-ჩვევებს ვერ ამჟღავნებენ, როგორიც საჭიროა  ცხოვრებაში, ბრძოლისა და გადარჩენისთვის, ხოლო ის პოეზია, რომლებსაც ისინი ქმნიან ცალკეულად, მხოლოდ მცირე რაოდენობის  ადამიანთა გულს თუ ეხმიანება. ფილმი მთავრდება ტრაგიკულად, პოეტს ხალხის გამამხიარულებელ ქათამში ცვლიან, და მდინარის ტალღებში აგდებენ.  ხოლო ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  პოეტმა, რომელმაც ვერ შეძლო აფრენა,  მდინარის ტალღებში მაინც იპოვა შვება, და იმ ადამიანების გულებში განაგრძო სიცოცხლე, რომლებმაც მას მოუსმინეს.

,,ოქროს კანიონი“

წინა ნოველის ცივი, დამთრგუნველი პალიტრიდან, თხრობა  მწვანე ხასხასა ბუნების სურათით იწყება: მთების სიმაღლეში, ყოვლის მცოდნე ბუ ხის კენწეროზე შემჯდარა და სამყაროს უმზერს, ქორბუდა მწვანედ აბიბინებულ ბალხს ძოვს, ანკარა წყაროს წყალში- ნაკადულში თევზები დაცურავენ, პეპლები ყვავილებს  დაფოფინებენ…. რომ უეცრად სიმშვიდე  ირღვევა, ბუ იფოფრება, ირემი გარბის, თევზები ქრებიან/იმალებიან, პეპლები მიფრინავენ, მთებში სიმღერა ისმის,ომახიანი სიმღერა!  ადამიანი მოაბიჯებს, მოაბიჯებს რათა მოიპოვოს ოქრო!

ამ პერიოდში ის- ადამიანი  ასწრებს, შრომას, გარჯას, დასვენებას, ძილს, და იმ ახალგაზრდა მაძებარის მოკვლას, რომელიც მას კვალში ჩასდგომია და  სურს მის მიერ  ამოთხრილი ოქრო, მისი მოკვლით დაისაკუთროს, ბოლოს კი ოქროთი დატვირთულ ვირ- „იღბლიანოთი“ ისევ  იქ დაბრუნებას, საიდანაც მოვიდა,  ხოლო მისი წასვლის შემდეგ ისევ იმ სიმყუდროვის, სისპეტაკის და ბუნების იდილიის  დატოვებას, როგორიც მანამდე იყო.

შემდეგი კინონოველაა ,,ახალგაზრდა გოგო, რომელიც ჭკუიდან შეშალეს, ანუ ბატონი ართური აზრზე არ იყო,  თუ რა უნდა ეთქვა ბილი კნაპისთვის“.

ფერების ფსიქოლოგიაში, რომელსაც ძირითადად და კონკრეტულად  მხატვრობა, ფოტოგრაფია და კინომატოგრაფია განიხილავს, თვითეულ ფერს თავისი ხასიათი, ძალა და განწყობა აქვს,  თვითეული ფერი მისი ხასიათით ისტორიას უყვება მაყურებელს. ამ ფილმში კი კითხვაზე, როგორია სიყვარულის ფერი, პასუხს კოვბოი ბილი უილიამ კნაბის – მარტოსულობაში ამაღლებული სულის და ალის ლონგაბოს სინაზის, სისპეტაკის, სინათლის სახით გადმოცემული ფერი გადმოგვცემს, ამბავი სიყვარულისა, რწმენის და სისპეტაკისთვის თავის შეწირვისა.

და ბოლო კინონოველა „მოკვდავი ნარჩენები“

ეს ნოველა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ნოველები სიკვდილისა და სიცოცხლის თანაარსებობას და მათ შორის ბრძოლას მოგვითხრობს, ოღონდ სიკვდილი იგივე  სულების მომკელი, აქ უფრო შარმიან, მომხიბვლელ, მაწაკურ, ყოვლისმცოდნე, სხვა სამყაროს მხედველი თვალების პიროვნებად წარმოგვიდგება, რომელიც კომპანიონთან ერთად მოგზაურობს. მის კომპანიონად კი კაცს, რომელსაც კატის მზერა აქვს,  სევდიან სიმღერებს მღერის და ადამიანებს გულებს უჩუყებს. მათი მოგზაურობა ეტლით, სადაც მათ გარდა  თავიანთი შეკოწიწებული ცხოვრებით გაამაყებულები, გასაცოდავებულები, გაგულგრილებული ადამიანები სხედნან, ხოლო ეტლის სახურავზე გვამი დევს, რომლის მომკის დროც იყო მოსული და მეეტლე, რომელსაც რაც არ უნდა შეუძახო, ეტლს მაინც არ შეააჩერებს, სასტუმროსთან ჩერდება ნიშნად ამ ცხოვრების წარმავლობისა და დროებითობისა. მთლიან  ფილმს გასდევს სიმღერა, ისევე, როგორც ჩვენ სიცოცხლეს და არსებობას. მთლიანი ფილმის წიგნის ყდა კი მთავრდება შვლის ნუკრის ნახატით, როგორც დაბრუნებად იმ არსებობაში, სადაც ჩვენ ყველანი შვილის ნუკრებივით სუფთა და წრფელები ვიყავით.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.