ფურფუტელების პრინცესა

ბოლო ნაწილი

-იქნებ სიზმარი ვართ, ანდა სამყაროს ნაფიქრალი?! იკითხა მან, როდესაც მისმა თვალებმა  მწვანე ფერის გარსიდან, ცისფერ ზმანების პლანეტის მოლოდინად  დაიწყეს ცვლა და გადაწყვიტეს  მის სხეულზე ვარსკვლავებად დაწყობილ ყავისფერ ხალებს მარადისობის მაძიებელ ბილიკებად მიჰყოლოდნენ.

-რომელ გორაკზე უნდა დავდგეთ, რათა ზეცას მივწვდეთ?

-რატომ იბადება და კვდება ყოველდღე სიზმრები?

-რა უფრო კარგია, როცა ნატვრა გაქვს, თუ არა?

არადა ამ ცხოვრებას არა უშავს რა, თუ  ხანდახან მისგან თავს დაიხსნი,

და დაფიქრდები, რა სიტყვებით უნდა მოიხსენიო ეს ყველაფერი, დიდი საქმე სულაც არ არის, შეცვალო ნაცვალსახელები და დაუსრულებელი ყავის სმა, ერთი და იგივე ტრაგედიულობის პრივილეგია, რომლითაც მანამდე სარგებლობდი.

გარდატეხის ასაკისთვის მან იცოდა, რომ იმ სამყაროში, სადაც შობას და ახალ წელს ორჯერ აღნიშნავდნენ, უცნაური იყო.

იცოდა ისიც, რომ კითხვები, რომლებიც მიწიდან ზეცისკენთავაღერებულს, მზის სხივების შემყურეს უჩნდებოდა, აფრენის საშუალებას არ მიცემდა.

სწავლობდა იმას  რომ ა) თუ მას  ზღაპრის გმირობა უნდოდა, მაშინ  წვიმის დროს გვიან უნდა ამდგარიყო. 

სწორედ ამიტომ ის ამბობდა ასეთ ფრაზებს:

 – მე  დამესიზმრა, რომ ქალაქიდან გავრბოდი და დინოზავრები უკან მომყვებოდნენ.

თუმცა მას ისიც ეგონა რომ დეტექტივს წერდა!.

სამყარო მარტივ მამრავლებად იყოფოდა,მარტოობა რჩეულთა  ხვედრი ხდებოდა,   ის კი ღრუბლებიდან ღრუბლებში გადადიოდა, საკუთარ თავში აღმოცენებას იწყებდა და  თავიდან იწყებოდა….

როდესაც ქალაქის მთავარ თეატრში სპექტაკლი დაიწყო.

თეატრის სცენაზე  თამაშები, ყოველდღე შუადღის 12 საათსა და 4 საათზე იწყებოდა, თუმცა  კაცის როლის შემსრულებლის დაგვიანების გამო შესაძლებელი იყო ნებისმიერ სხვა დროს გადაწეულიყო. რაც მთავარია, მნიშვნელობა არ ჰქონდა სპექტაკლებს მაყურებელი ესწრებოდა, თუ არა- რჩეულ გრძელ ფეხების პატრონს სპექტაკლის დაწყების წინ ყავა ყოველთვის უნდა მოედუღებინა.

დღევანდელი დღე გარდაცვლილი რეჟისორის მეორე ცოლს ეკუთვნოდა,  მას ის სევდა უნდა გამოეთქვა, რომელიც მას, როგორც  ქალ რეჟისორს  ჰქონდა:  თუ როგორ შეხვდა მის ქმარს, როგორ მოეწონა და შეუყვარდათ ერთმანეთი. ამასთანავე ბერეტის

თავზე დახურვით და მოხდით ორ პერსონაჟში მასსა და მის ქმარად, ცოლიდან – რეჟისორში  უნდა გარდასახულიყო, – რადგან იყო ხელოვანი, იოლი არ არის, მით უფრო, თუ სცენაზე გასვლის შემთხვევაშიც კი მხოლოდ დამდგმელის ცოლად მოგიაზრებენ.

პატივცემულმა  დამსწრე საზოგადოებამ,  რომელსაც იშვიათი შესაძლებლობა მისცემოდა: ახლოდან შეეხედა თეატრის მოოქროვილ მოაჯირებისთვის, გადმოეხედა მოედანზე მოსიარულე არსებებისთვის და წითელ  სავარძლებში მაღალი შეგრძნებების ფიქრებად  გაფურჩქნულიყვნენ- დადგმულმა სპექტაკლმა ცოტათი შეაცბუნა: მათ ტრადიციულ ქართულ სუფრას, როცა პირველი, მეორე, მესამე ჭიქა ღვინით ცოცხლებს, გარდაცვალებულებს, მომავალს, მიმავალს ადღეგრძელებდნენ- არაფერი არ ერჩივნათ.

ამ განცდებში იყო საზოგადოება, როდესაც უეცრად სცენაზე ნამდვილი მდედრულ-მამრული სულისკვეთების  ჰარმონია გაისმა!

სცენაზე კულისებიდან ქალი გამოვარდა,  მას უკან კაცი და დანარჩენი მოახლე ქალები მოჰყვნენ:  სცენაზე წრეზე სირბილი დაიწყეს.

უნდა ითქვას, რომ ქალებატონები ტემპერამენტის ნაკლებობას არც კაცის მოსვლამდე უჩიოდნენ, მაგრამ კაცის მოსვლის შემდეგ ყავის ყოველი ყლუპის მიღების და  შოკოლადის მირთმევისას იმ ყველაზე ზოგადსაკაცობრიო, ზესახლემწიფოებრივ, მსოფლიო მნიშვნელობის საკითხის განხილვისას, რასაც მათი სქესის ფიზიკური აღნაგობის სულიერ ფასეულობად განხილვა  ნიშნავდა, ენდორფინების ისეთ მოზღვავებას განიცდიდნენ, რომ ყველაფერზე წავიდოდნენ, ყველას ამოუნისკარტავდნენ თვალებს და ხორცს, თუკი მათი მამაკაცი გაივლებდა აზრად. წიოკზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მითუმეტეს ეხლა უკვე უკან მათი კაცი მოსდევდათ, რათქმაუნდა სულიერ რაკურსში. 

წამის წუთს საერთაშორისოდ ცნობილმა  მოგზაურმა,რომლისთვისაც არისტოტელეს მცნებები: ,,წარმოდგენაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი 10 წუთია’’ ,,ყოველი სცენა სვამს შეკითხვას, ხოლო მომდევნო სცენა პასუხობს“, ისეთი სისხლხორცეული გამხდარიყო, გადაწყვიტა მე-11 წუთის დასრულებას, წარმოდგენის დამთავრებას აღარ დალოდებოდა და დარბაზიდან გასულიყო. მოგზაურის ხასიათობრივ აღსაწერად შეგვიძლიათ ისიც დავამატოთ, რომ მუდმივად დაუსრულებელი მდედრულ- მამრული საუბრები სულაც არ ხიბლავდა და დიდად შესარგი ჭამა – სმა საკითხებიც ტანჯავდა- რომელიც არსებობის გამუდმებულ ცირკულაციაში მონაწილეობდა. თუმცა მისთვის შეგვიძლია ერთი შეკითხვა შეგვეძლო დაგვესვა- მაშინ რაღა არს ადამიანად არსებობა?

უეცრად ოჯახის ქალად ქმნილმა ხმა ამოიღო, ის შენაცვლებით მორიგეობდა ხან- დამა ქალად, ხან ქორ ვაჭრად- როცა ერთ ლეიბის პირს- ორის ფასად ყიდდა: ეხლა კი  შემთხვევით იმ უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების გამო, რაც მათი კუკუდამალობანას  დროს მაყურებლის  დარბაზიდან გასვლის სურვილისას იგრძნო, ოჯახის მცველ მდედრად გარდაისახა, გასაკვირი კი სულაც არაფერი, გარდასახვები თეატრის დამახასიათებელი თვისება გახლდათ.

გამოსვლა N1

ოჯახის ქალი- 

შენ ოჰ შენ,

შენ ვინც არ სვამ მისი დატოვებული ფულით ნაყიდ  ყავას,

 ვინც არ აღიარებ

იმ დაუწერელ წესებს, რომლებითაც

ჩვენ წლებია ვცხოვრობთ,

რომ მის ხუმრობაზე ვიცინოთ,

მისი ლაპარაკი ვისმინოთ

 და ყველაფერს, რასაც იტყვის

უნდა დავეთანხმოთ,

რადგან ის მამრია და ჩვენ მდედრები,

ჩვენ ერთმანეთის მდედრ-მამრები ვართ.

გამოსვლა N2

გუნდი- ქორო

ჩვენ ჩვენს არსებობას

სწორედ მისით- მამრით ვითვლით.

დროა რომ გაბრძანდე  აქედან,

ვერ მოგიშორეთ?! დროა მოგვშორდე!

სწორედ ამ დროს სცენაზე ბოროტი სულები შემოცვივდნენ, მათი არსებობა სულაც არ იქნებოდა შესამჩნევი, რომ არა უკეთურებას შერწყმული ქმედებები.

მათ გადაეწყვიტათ, შეეჭამათ მოგზაურის ის გული რომელიც ბეღურა ჩიტის ოდენა იყო, შემდეგ კი ძვლების ძვლებამდე მიდგომოდნენ ხორცს. ამ მომენტიდან- ბოროტება აღარ არსებობდა მხოლოდ გამოგონილ ზღაპრებად, თუ მითოლოგიად- ის არსებობდა რეალური პიროვნებების განსაზღვრულ ქმედებად, სადაც მათი გონისმიერი გადაწყვეტილება – ,,ჯერ დაეკეტათ არსებობის გზა მოგზაურისთვის, ხოლო შემდეგ ჩამოეწერათ ცოცხალთა სიიდან’’ იმ პატივმოყვარეობით და თავმომწონეობით აღავსებდა მათ რაც ასე დამახასიათებელია ბოროტებით დასრულებული მცირე სულების ძალაუფლებისთვის. 

 სტრატეგია N1 : არ აცალო  ლაპარაკი სხვას. სტრატეგია N2 : მათ შორის არც ერთმანეთს, N3: წიოკი, ყვირილი, ყველასთვის და ყველაფრისთვის.

ქართული თეატრის  დარბაზის მოხატული სული აპლოდისმენტებით აიწია ჰაერში- ეს იყო ის, ეს იყო ის ქართული სული, ნიჭიერება და გენი, რომელიც საუკუნეები აცოცხლებდა და აძლიერებდა ქვეყანას- მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა პატარა ქვეყნის ფერხთით ეცემოდა უძლეველი იმპერიები, ხოლო ეს პატარა ქვეყანა სულ რჩებოდა და იყო და იყო, ისევე როგორც ზღაპარ- იყო და არა იყო. 

-რა ხდება მთვარის სიზმრებში? იკითხეს უეცრად სხეულის ძარღვებმა და სისხლი ამოიძირკვეს.

-ფანჯარასთან როცა მოხვალ და უეცრად გაიღიმებ, მხოლოდ მაშინ მიხვდები რომ შენში სიყვარულმა იაღდგომა თუ არა! -წაეკინკლავდა სული და წვიმას დაედევნა.

-ჩემი ზღაპრული ცხოვრება იწყება მაშინ, როცა მე ჩემს ზღაპრულ ცხოვრებაზე ვფიქრობ! -თქვა ცხვირმა.

-ისე ხუმრობთ,  ვერ ვგებულობ, სად სიმართლეს ამბობთ და სად ტყუილს- გაღიზიანდა თეფში და სახე დაინაწილა.

-მანამ, სანამ ვცდილობთ, პატივი ვცეთ თვითეული ჩვენგანის  უფლებას, გვახსოვს საკუთარი სიმართლე, ეს ცვლილება ბუნებრივად მოხდება -მიუმატა ყურმა.

-მანქანის ფანჯრიდან ხელს რომ გადმოწევ მხოლოდ მაშინ დაამტკიცებ. ნამდვილი ხელოვანი ხარ, თუ არა- უპასუხა გაღიზიანებულმა ჩანგლმა და წარბები დაიმატა.

-მთავარია ითქმოდე – ამოიხვნეშა გულმა, გაჩუმდა, დადუმდა და მთა ბარს შეუერთა, ზღვა კი ხმას.

-ყველაფერი შესანიშნავად იქნება – შეჰკივლა უეცრად  საქალაქო  არტისტმა.

 დღეებისა და ღამეების ერთმანეთში  არევა დაიწყო,  ქანდაკებები, კდემამოსილ  ნატიფპორტრეტებად  გარდაისახნენ.  დაიძინეს სავარძლებმა, ფარდებმა, გამნათლებლებმა. ჭაღმა დაიძინა, მოვიდა გაზაფხულის თვის პირველი და ითოვა.

-ვინ არის იმ ფანჯრებს მიღმა, რომლითაც მარადისობას ვუერთდებით? ჩაეკითხა ის, ვინც გრძელი ღამეების გრგვინვას  სამყაროს გვირაბთან აკავშირებდა.

-რა არის იმ სიტყვებს მიღმა, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით- იკითხა ხმამ, მზის გვირგვინში გაიარა და იქ ხელახლა დაიბადა.

დეტექტივის შემთხზველმა ვეღარ გაიგო,  რატომ უნდა გაეგრძელებინა იმ დეტექტივის წერა, რომელიც დეტექტივი არ იყო, ფლიო ფრიოდ ააფრინა და წერა დაასრულა.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.