მეექვსე ოინი (ვილჰელმ ბუშის საბავშვო პოემიდან “მაქსი და მორითცი”) გერმანულიდან თარგმნა მირანდა ტყეშელაშვილმა

აღდგომის მშვენიერ დღეებში,

როცა მორწმუნეები

ხალისით, იმედით

ელიან ბრწყინვალე

დღესასწაულს

აწკრიალებენ

სახლ-კარს, ეზოს…

აცხობენ, აპიწკინებენ,

ტკბილეულობას, ნუგბარს

ნაზუქებს….

ნატრობს

 ორი პატარა ლაწირაკი 

 რაღაცის მოაზრებას

 და სასუსნავის აწაპვნას.

თუ რა თქმა  

საკვამურში ჩასაძრომად

გასწირავენ თავს.

მცხობელმა ხომ დაკეტა

კარი ამ ორი მაღვლაკის გამო.

მაგრამ ოჰ არა, ისევ არა

რაჩ! აქ მოხოხავს, მოძვრება

ორი მაწაკუნა პაწაკუნა,

საკვამურის მურით გამჭვარტლული,

შავები როგორც ყორანი.

პუფ! ვარდებიან პურის ფქვილში,

თეთრდებიან ცარცივით!

უტკბილესი მზერით,

უნაზესი კრუტუნით

კუნტრუშებენ  სკამზე,

რათა მისწვდნენ ფუნთუშებს.

კნაკს!- ტეხავენ სკამს.

შვაპ!- ვარდებიან ცომში!

წკაპ!- ნამცხვრის ცომში

ამოზელილები,

ჩანან გატყლარწულ,

გადღაბნილ ფოტოდ.

ნეტა კიდევ რას მოიფიქრებენ

ეს მაღვალაკი ბავშვები?

ზუსტად ეხლა მოდის

ოსტატი მცხობელი,

ხედავს ცომში ამოგანგლილ

მაქს და მორიცს

ერთი, ორი, სამი !

მოიცა, კიდევ რამდენი

პური დარჩა გამოსაცხობი ?

აგორავებს მაქსს და მორიცს

ცომის გუნდებად ,

ავარვარებს ღუმელს

რუფ ! შეუძახა ისინი

ცომიანად ღუმელში !

უყურებს ცეცხლის გიზგიზში,

როგორ პიწკინდება და იბრაწება

გემრიელად ტკბილეული.

ოხრავს, თვითეული თქვენთაგანი:

-ეჰ, ეს არის ცხოვრება?

დაიწვნენ და დაიდაგნენ

მაქსი და მორითცი

ამ უჯიათ მწველ სიცხეში,

მაგრამ არა! სულაც არა

კნუსპერ, კნასპერ!

ვირთხებივით გამძლეები

ღრღნიან ტკბილ გარსს,

კანს ხრავენ ბოლომდე

და აი უკვე თითქმის

შესანსლეს!

პატივცემული მცხობელი ყვირის

აჰ, ჰერიე, ჰერიე …

აი, აქ კი ონავრებმა

მოკურცხლეს საცხობიდან.

ეს იყო მეექვსე ოინი

და მას მალე მოჰყვება

სულ, სულ, სულ ბოლო…

მეხუთე ოინი (ვილჰელმ ბუშის საბავშვო პოემიდან ,,მაქსი და მორითცი”) გერმანულიდან თარგმნა მირანდა ტყეშელაშვილმა

ცხოვრების სიბრძნე  გვასწავლის:

ვისაც სოფელში, ან ქალაქში

მცხოვრები ბიძა ჰყავს,

უნდა იყოს

მხიარული, თავაზიანი,

 თავმდაბალი…

უყვარს ბიძას

დილაობით მოსმენა,

როცა ეუბნებიან:

,,დილა მშვიდობისა,

დახმარება ხომ არ გჭირდება?!“-

მიუტანო  მას რაც სურს:

გაზეთია, თუ  ჩიბუხი- ძველი,

ანდა მასულდგმულებელი

ზურგის მოსაფხანი ჯაგრისი…

გინდა დაიმსაზურო

ბიძასგან პრიზი

მაშინ ამდაგვარი

შრომა-გარჯისთვის

სიხარულით იყავ მზად!

როცა ბიძა გემრიელად  

აცემინებს ცხვირს

და იძახის : ,,გაუმარჯოს“-

,,გაგიმარჯოს!“

და დააცხიკვო შენც…

როცა სახლში მოვა,

მყუდრო განწყობისთვის-

წამსვე მიურბენინო

ფაჩუჩები, პიჟამა, ჩაჩი!

მოკლედ,

კარგად უნდა დაფიქრდე,

რა ახარებს  ბიძას.

მაქსი და მორითცი, კი

როგორც გახსოვს,

სულაც არ ეკუთვნიან

დამჯერე  ბაღნების რიგს,

ისინი მხოლოდ

ღიზიანდებიან,

ბრაზდებიან

მსგავს მოთხოვნებზე!

თქვენც დაფიქრდით მათ

მომავალ  ხუმრობებზე,

ჯერ სადა ხართ,

ნახავთ,

რასაც გააკეთებენ

საყვარელ, ტკბილ

ბიძია ფრიცთან დაკავშირებით!

ყველამ იცის, სადაც ეძებს

მაისის ხოჭოს ჩიტი-

მაღლა ხეებში,

დილიდან დაღამებამდე,

აღმართ-დაღმართ,

დაუცხრომელი ენერგიით  

დაბობღავენ ხის მერქანზე…

ორი ოინბაზიც,

მუდამ მხნე -მაღვალაკობისთვის

ანჯღრევენ ხეს

და ხოჭოებს

მდელოზე ყრიან,

ქაღალდის პარკში ათავსებენ.

აი, უკვე შეყარეს ისინი

ბიძია ფრიცის ლეიბზე,

მალე წავა დასაძინებლად

 ბიძია ფრიცი

და დახუჭავს თვალებს

ნება-ნება,

გაეხვევა საბანში-

მშვიდი ძილით.

მაგრამ  ,,კრიცე, კრაცე“-

 შეხე- ხოჭოების საცეცს,

მობობღავენ ლეიბიდან,

აი, თითქმის აქ არიან,

დიახ ზუსტად აქ,

ბიძია ფრიცის ცხვირზე.

,,აუ!“- ყვირის ის-

,,აქ რა ხდება?!“

და დაზაფრული

ხელს იტაცებს ცხვირზე,

მაგრამ ცხვირის მაგივრად

ხოჭო რჩება ხელთ.

წამომხტარი, გაოგნებული უყურებს

მოზუზუნე საწოლს.

აუჰ, უკვე  აქ არიან-

კეფაში, ფეხზე,

ხელზე, ზურგზე

თავზე, მხარზე,

ქვემოთ, ზემოთ

მარჯვნივ, მარცხნივ

დაბობღავენ, დაცოცავენ,

ბზუალებენ

ზუზუნით და ბუზღუნით.

ბიძია ფრიცი, ამ შეჭირვებით,

ტვინის გათიშვის,

კანის  გატყავების სიმწრის,

ბალნის აფოფვრის სიბრაზის ფონზე

ფეხებს აბაკუნებს სიშმაგით

და იატაკს აზრიალებს და

 ჰოი, საოცრებავ, 

აგერ, ვხედავთ,

როგორ მიფრინავენ

საწყალი, გულგახეთქილი,

 მაისის ხოჭოები

განათებული პარმაღისკენ,

და აი ბედნიერი დასასრული!

ბიძა ფრიცი დამსახურებული,

მოპოვებული სიმშვიდით,

თითქოს არც არაფერი

მომხდარიყოს,

განაგრძობს ძილს.

ეს იყო მეხუთე ოინი,

მას მოჰყვება მეექვსე…

მეოთხე ოინი (ვილჰელმ ბუშის მაქსი და მორითციდან) გერმანულიდან თარგმნა მირანდა ტყეშელაშვილმა

აქვე ჟღერს ერთი ფრიად 

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,

რომელიც თვითეულმა

უნდა გაიაზროს, გაითავისოს

და სიამოვნებით  მოისმინოს!

არა მხოლოდ

აბგდ ე ვზ თ იკლმ ნ

ოპჯრს ტუფქ ღყშჩ ძწ…

გაანათლებს ადამიანს,

არა მხოლოდ წერა-კითხვა,

ანდა შეკრებ-გამოკლება.

არამედ სწავლა, გარჯა,

 სიბრძნის ზრახვა

მოთმინებით ყოფნა,

მოწიწებით მალვა,

მოკრძალებით მარხვა.

სწორედ ამისთვის არის

ბატონი ლამპელი აქ,

მაგრამ მაქსს და მორითცს

სულაც არ უნდათ სწავლა,

მხოლოდ მაღვალაკობებია,

რისი ქმნაც მათ სურთ.

ბატონი ლამპელი არის

მამაცი მასწავლებელი,

მეტადრე მაშინ, როცა

შრომის და გარჯის შემდეგ

საკუთარ თავთან კითხვების დასმის გარეშე

 თამბაქოსგან დიდად პატივცემული

და ნასიამოვნები  ხდება.

ხოლო მაქსს და მორითცს აქვთ

მოუსვენარი, აუტანელი

სურვილი ბატონი ლამპელის 

მასხრად აგდების

რაღა თქმა უნდა მის მიერ

ნალოლიავები, ნაპატივები ჩიბუხით.

განსაკუთრებით ამ  კვირადღეს,

როცა ალალი, წრფელი ბატონი ლამპელი

ეკლესიაში წმინდათა და წმინდა საკრავ

ორღანთან ზის.

მის საკუთარ სახლში, მის ოთახში,

სადაც მისი ჩიბუხი დევს

მიბობღავს ორი ბოროტუნა მაჯლაჯუნა,

ყალთაბანდი ოინბაზი.

მაქსი იღებს ჩიბუხს  ხელში,

მორითცი კი თოფის წამალს

საუკუნის ძველ ჩანთიდან

და მიათრევს მას მაქსისკენ.

 სწრაფად, სდექ, სდექ, სდექ!

წამლით დატენილია უძველესი ჩიბუხი.

წყნარი და მშვიდი 

ბატონი ლამპელი ეკლესიიდან გამოდის,

მშვიდად ხურავს ბჭეს

და ნეტარებით, სიამტკბილობით,

 წიგნითა და  რვეულით,

საქმიანი მზრუნველობით,

მხიარული ნაბიჯებით მიაბიჯებს

მშობლიური სახლისაკენ.

მადლიერი გრძნობით სავსე

აჰა, ანთებს იგი   ჩიბუხს,

ჰმ, ამბობს ის სიხარულით:  ბედნიერება

არის კმაყოფილებაში!

რუმს! და აქ  ფეთქდება საშინელი გრუხუნით

ტყვია-წამლით სავსე მზეთუნახავი ჩიბუხი,

ყავის ფინჯანი, თუ წყლის ჭიქა,

მაგიდა, მოსასვენებელი სკამი,

ყველაფერი ფრინავს ელვის ბათქა-ბუთქში.

გაკვამლული ჰაერი კი ზეცაში ადის.

ღმერთისგან დალოცვილი

გაოგნებული ბატონი ლამპელი

ცოცხალ-მკვდარი  მიწაზე წევს,

ცხვირი, სახე და ყელ-ყური

ისეთი შავი აქვს, როგორც მავრს,

თმა კი შეტრუსული აქვს

არქტიკიდან ანტარქტიდამდე.

ახლა ვინღამ უნდა ასწავლოს

ბავშვებს  მეცნიერება?

ანდა უხელმძღვანელოს

ამ დიდ მსწავლელ საქმიანობას?

როგორ დატკბეს ნეტარებით

როცა მისი ჩიბუხი უკვე აღარ არის?

ჰმ, ყველაფერი ნათელია

მხოლოდ ჩიბუხია მავნებლობის მიზეზი.

ეს იყო მეოთხე ოინი და

მას კვლავ მოჰყვება მეხუთე ოინი.

ინტერვიუ რობერტ პატინსონთან ინგლისურიდან თარგმნა მირანდა ტყეშელაშვილმა

ბატონო რობერტ, იმედგაცრუებული ხომ არ ხართ თქვენი კარიერით?

-მე ვფიქრობ, რომ ბევრ მსახიობს აქვს იმედგაცრუების ეტაპები  და ფიქრობს: – ეჰ , მე მეგონა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…  არასდროს მეგონა, რომ ეს გზა/ პროფესია იქნებოდა ამ მხრივ განსაკუთრებული და გამორჩეული . ცხოვრებაში ყოველთვის, ყოველგვარ სიტუაციაში, კარგში, თუ ცუდში, შეგიძლია  მუდმივად  ახალი გამოცდილებები მიიღო. ასე, რომ მე არ შემიძლია  ვიყო იმედგაცრუებული ჩემი კარიერით, რადგან არასდროს  არ მქონია განსაკუთრებული მოლოდინები/ და იმედები.

თქვენი აზრით, რას ელოდება ხალხი თქვენგან?

-მე არასდროს არ ვფიქრობ, თუ რას ელოდება ხალხი ჩემგან.  არსებობს მსახიობთა გარკვეული ტიპები, რომლებიც მთლიანდ იძირებიან თავიანთ  სამუშაოში და შემდეგ იმედგაცრუების შეგრძნება აქვთ,  რომ ამ  პროფესიაში ძალიან ბევრი  თაღლითობა და უსამართლობაა.  ამ სიტუაციაში  ძალიან  ბევრი მსახიობი აღმოჩნდა. ხოლო  მე მგონია, რომ მაყურებლების მოლოდინი მსახიობების პიროვნებებისადმი სწორედ ამ შეგრძნებას, იმედგაცრუებას იწვევს. მივიღე მონაწილეობა   ენტონი გორბჯინის ფილმში სახელწოდებით-  ,,ცხოვრება“ -სადაც ვითამაშე ფოტოგრაფის როლი, რომელმაც გადაიღო ჯეიმს დინის ცნობილი ფოტოები. ამ ფილმში არის ძალიან ბევრი პარალელი მსახიობისა და ფოტოგრაფის კარიერას შორის.

და რით ჰგავს ეს ორი პროფესია ერთმანეთს?

-ისინი თითქმის ყოველთვის  დამოკიდებული არიან ირგვლივ მყოფ ადამიანებზე და გარემოზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გინდა შენს პროფესიაში  საკუთარი სიტყვა თქვა. არსებობენ  წარმოუდგენლად საინტერესო, ქარიზმატული და ნიჭიერი ხელოვანი  ადამიანები და როგორც მსახიობი, შენ გინდა იყო მათ მსგავსად ხელოვანი, მაგრამ დამოკიდებული ხარ ძალიან ბევრ რამეზე და ვინმეზე. არსებობს ძალიან მცირე რიცხვი  დიდებული მსახიობების, რომელთაც აუდიტორია აღიარებს. სწორედ ამიტომ, როგორც მსახიობობით, ასევე  ფოტოგრაფიითაც აღიარების მოპოვება  ძალიან რთული შესაძლებელია ამ გარემოში.

თქვენთვის, პაპარაცებდადევნებული  მსახიობისთვის როგორი  შეგრძნება იყო პაპარაცის როლის თამაში ?

-როდესაც რეპეტიციების გავლის მიზნით, პაპარაცის მისიით  წავედი შატო მარმონტში, მქონდა ძალიან გაუწონასწორებელი და უცნაური  შეგრძნებები, რადგან ამ პროფესიული სტატუსით  ძალიან რთული იყო ასეთ ადგილზე ყოფნა, და არ მეგონა როგორ შედეგს მივიღებდი-  ვიქნებოდი როგორც  მსახიობი – რეპეტიციების გამვლელი, თუ პაპარაცი, რომელიც გულზე არავის ეხატება.

-ჰო, მაგრამ პაპარაცებიც ხომ ადამიანები არიან ?!

-კი მაგრამ, მთლიანობაში  არა. ფილმში  ჩემი პერსონაჟის  თვითსიძულვილი შესაძლებელია, სწორედ  ჩემი და პაპარაცების ურთიერთობით იყოს განპირობებული, მე ხომ სწორედ ჩემს მადევარ პაპარაცს ვთამაშობ (იცინის)

-როდესაც სამსახიობო კარიერა დაიწყეთ,   პაპარაცების მიმართ გარკვეული ანტიპათია გქონდათ…

_როდესაც „ბინდი“ პირველად გამოჩნდა კინო-ეკრანებზე, სტუდიები და დამხმარე პერსონალი მსახიობთა ქცევებს საზოგადოებაში  მკაცრად აკონტროლებდა, სწორედ  ამ პერიოდში პაპარაცებმა არაერთხელ გადამიღეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც ნასვამი ვიყავი, ან სიგარეტს ვეწეოდი. სწორედ პაპარაცების საქციელმა გამოიწვია ჩემი  ნეგატიური დამოკიდებულება მათ მიმართ, რადგან ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ხალხი ამბობდა, რომ ამგვარ განსხვავებულ  საქციელს ჩემგან არ ელოდნენ. თუმც ამ ეტაპზე  ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა. მახსოვს შვიდი-რვა წლის წინ კოლინ ფარელის და მისი მსგავსი ადამიანების საქციელი, ის ძალიან თავისუფლად იქცეოდა, ზედმეტად თავისუფლადაც კი, თუმცა რათქმაუნდა მიმაჩნია, რომ მსგავსი რამ ნებადართული არ უნდა იყოს,  გარკვეული ბალანსი საჭიროა.

 _რატომ, რა მოხდება?

_თუ ისე თავისუფლად მოიქცევი, როგორც შენ გინდა, მაშინ სამუშაო არ გექნება. რადგან მაყურებელს  სურს, რომ მათ მიერ წარმოსახული იდეალების მსგავსი, შესაბამისი  იყო და არა ისეთი როგორიც ხარ, მათნაირი ჩვეულებრივი ადამიანი. და თუ იდეალური არ იქნები, მაშინ საქმეს არავინ დაიჭერს შენთან (იცინის)

_როდესაც პირველად ხელი მოაწერე ,,ბინდის“  პროექტში მონაწილეობას, გაიარე თუ არა ტრეინინგი მედიასთან ურთიერთობის შესახებ?

_კი  გავიარე ეს ტრეინინგი, ინტერვიუების ჩაწერის დროს ძალიან ბევრ სისულელეს ვლაპარაკობდი, უბრალოდ, მათთვის  ჩემთვის  საყვარელი, სასაცილო ხუმრობების თქმა მინდოდა.  ხოლო ჟურნალისტებმა წერილი გაუგზავნეს ჩემს აგენტს იმის შესახებ, რომ  არ შემეძლო მედიასთან ურთიერთობა. ის  ჩემი აგენტის საყვარელი წერილია, რადგან მისთვის  სახუმარო იყო ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებმა აუცილებლობად მიიჩნიეს ჩემთვის მედია-ტრეინინგის გავლა.

-თქვენი აზრით,  შეიძლება თუ არა ნორმალური ურთიერთობა გქონდეთ ჟურნალისტებთან?

-მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია პოპულარობის  გარკვეულ ზღვრამდე, სანამ  ,,ბინდი“ პირველად  გამოვიდოდა ეკრანებზე,  ჟურნალისტების გარკვეულმა  რაოდენობამ ჩემგან ინტერვიუ აიღო . ეს ინტერვიუები ძალიან კარგი იყო. მაგრამ როცა ბევრს საუბრობ, ადამიანები უკვე აღარ ინტერესდებიან  იმ დეტალებით, რასაც ამბობ, რადგან უკვე ძალიან ბევრი გაქვს ნათქვამი  და ისევ ძველს იმეორებ.  სწორედ ამ დროს  რედაქტორები ამბობენ: ,,მიეცით მას რაღაც ახალი სათქმელი, რაღაც წინააღმდეგობრივი და განსხვავებული…“

_სამწუხაროა, თუმც აქ ზუსტად გაქვთ გადმოცემული,  თუ როგორ იქმნება დღევანდელი ჟურნალისტური გამოცემები.

_დიახ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ნამდვილად  ახლოს ვიყო  ჟურნალისტებთან, რადგან  რთულია ვილაპარაკო მათ პროფესიაზე  ყოველთვის დადებითი კუთხით.   ვიცნობ მსახიობებს, ვინც გაიკეთა კარიერა პაპარაცებთან ურთიერთობით, თუმცა ეს ურთიერთობა ბუმერანგს ჰგავს, ცუდად ნასროლი ყოველთვის უკან გიბრუნდება… ყოველთვის.

_როდესაც ,,ბინდის“ პროექტზე მუშაობა დაასრულე, ისეთ განსხვავებულ პროექტებში მონაწილეობდი, რომელთა  რეჟისორებიც იყვნენ : ჰერცოგი, კრონენბერგი, ენტონი გორბჯინი და ჯეიმს გრეი, რას იტყვი ამის შესახებ?

_გასულ წელს საფუძვლიანად  და ნაყოფიერად  ვიმუშავე სხვადასხვა ტიპის რეჟისორებთან, და ვითამაშე კრონენბერგის ფილმში- „კოსმოპოლი“.   მომიწია  სხვადასხვა, განსხვავებული ტიპის პერსონაჟთა თამაში. ეს იყო  მშვენიერი, საინტერესო გამოცდილება ჩემს კარიერაში , რადგან ეს ფილმები არ იყვნენ  დაყრდნობილი ჩემზე- თუ  რას გავაკეთებდი ამ ფილმებში, არამედ თავიანთ თავზე, თავიანთ სათქმელზე. მე ვითანამშრომლე იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მუშაობა მინდოდა და ჩემი ბრალი არ არის, თუ ამ ფილმებმა ფული ვერ მოიზიდა.

_შესამჩნევია, თუ არა განსხვავებები იმ რეჟისორთა მუშაობის სტილში, ვისთან ერთადაც ითანამშრომლეთ?

_ჩვენ ვასრულებდით ფილმ _ ,, მოგზაურს ,”‘  რეჟისორი დევიდ მიჩოდი იდგა ავტოსადგომის შუაში, ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხი იყო. მან უეცრად უცნაურად შემომხედა, შემდეგ კი მათკენ  გაიხედა,  მე მინდოდა მეკითხა: ,,როგორ  ხარ? ყველაფერი რიგზეა?“  მან კი  თქვა: _,, იმაზე  ვფიქრობდი, რომ ექვსი დღის შემდეგ აქედან წავალ, და წასვლამდე მინდა ვიგრძნო აქ ეს წამები… აი,  ასეთი  განსხვავებაა მათ შორის_ ვინც წერს და ქმნის და ვინც უბრალოდ აკეთებს ამ საქმეს  სამუშაოს გამო.

_და როგორი შეგრძნებები გაქვთ თქვენ?

_სასიამოვნო და სახალისოა  ადამიანების ოცნებების შესრულების მცდელობა. როდესაც დიდი ხანი მუშაობ ამ სფეროში, უფრო და უფრო მეტად ამჩნევ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს პროფესია უბრალოდ პროფესიაა, რომელთათვის აუცილებელობას  და საჭიროებას არ წარმოადგენს ამ საქმის კეთება. ეს ჩემთვის უბრალოდ საშინელებაა, და შენ ცდილობ რომ არ ჩაიძირო ამ გარემოში. მაგრამ იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა ვინც დარწმუნებულია,  სჯერათ და სწამთ თავიანთი ფილმების და პროექტების,  განსაკუთრებული და შესანიშნავი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

ინტერვიუ აღებულია ინტერნეტ გვერდიდან the-talks.com-იდან, მთარგმნელი მირანდა ტყეშელაშვილი

ჩემი რეცენზია – ფილმებსა და რეჟისორებზე

თუ სიტყვა ფილმს ინტერნეტ  საძიებო სისტემაში ჩავწერთ, მაშინ მისი განსაზღვრება შემდეგი იქნება: კინო ხელოვნება (ბერძნ. Kineo-ვმოძრაობ)- ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმობებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

ხოლო ტენდენცის განსაზღვრება  :1. რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება მიდრეკილება რაიმესადმი.

2. დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმობებს.

როდესაც საქმე  სასურველ ფილმს ეხება რომლით დავიწყო საუბარი? რადგან უამრავი ფილმია, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც : ხედვის, ინტერპრეტაციის, კინო – რეჟისურის, კინო- ხელოვნების თვალსაზრისით.

ან რომელ კინოტენდენციაზე ვისაუბრო?

მე ხომ კინომცოდნე არა ვარ, რომ ვიმსჯელო კინოტენდენციებზე, კინო პარალელებსა და პარალელეპიპედებზე და როგორც  ლიტერატურათმცოდნემ დავასკვნა რომ  :  ამა და ამ საუკუნის ლიტერატურას მიეკუთვნება ესა და ეს წიგნი (ები), ხოლო ლიტერატურულ მიმდინარეობას  მიეკუთვნება ესა და ეს ავტორი (ები). მე ვარ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ, კინო თავდავიწყებით  უყვარს. სწორედ ამიტომ ჩემი საუბარი იქნება ზოგადად კინოზე, იმ რეჟისორებსა და მათ ფილმებზე, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

ქუენტინ ტარანტინო: ბავშვობაში როდესაც მისი ნათქვამი მოვისმინე, როდესაც იტალიაში, ვენეციის კინოფესტივალზე იყო ჩასული, შემდეგი ფრაზით : „ჩვენ აქ პიცის საჭმელად არ ვართ ჩამოსული“, კარგა ხანს ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს აზრი, მანამდე, სანამ დედაჩემმა არ ამიხსნა : რომ ისინი იქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის იყვნენ ჩასულები, ვიდრე ჭამაა, და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე კინო იყო. ასევე მიყვარდა მისი თავხედური ინტერვიუების წაკითხვა და ფრაზების დამახსოვრება, როგორიცააა: „მე კინო სკოლაში არ მისწავლია, მე კინოში დავდიოდი,“  ეს ფრაზები გულს მიმაგრებდნენ და სტიმულს მაძლევდნენ იმისას, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ  კინოს არ ვსწავლობდი, შევძლებდი ფილმის გადაღებას და გაკეთებას, და ისეთივე მაგარ პერსონად  ყოფნას, როგორიც ის იყო. მისი ნამუშევრებიდან  რომელიც მომეწონა, ეს „უსახელო ნაბიჭვრებია“, ძალიან ტარანტინოსებრი-  სისხლით, სისასტიკით  შექმნილი, რითაც ტარანტინო უხვად ,,ანებივრებს’ მაყურებელს, ხოლო თვითონ, როგორც ჯალათი, ისე ტკბება ამ სცენებით, ამისდა მიუხედავად  მის ფილმები –  არაჩვეულებრივი კინო ხელოვნებაა, კინო -სილამაზე, კინო -ესთეტიკა. მომდევნო  ფილმი კი „საძულველი რვიანი“, რომელსაც უდიდესი დაინტრიგებით, ყოველწამიერი მოლოდინით ვუყურებდი,  თუ რა მოხდებოდა მომდევნო წუთებში და მისი ნათქვამი, რომელსაც საკუთარ თავის შესახებ ამბობს. რომ „ის რეჟისორთან ერთად მწერალიცაა“ თავებად დაყოფილ ფილმში ჩანს, რაც ფილმს განსაკუთრებულ  საინტერესოობას სძენს.

საყვარელი კინოში  რომელშიც ქვეყნის  მოხსენიებაც შემიძლია, ეს არის იტალიური კინო.  იტალიურ კინოს აქვს თავისი სიღრმე,  სიმძიმე და სილამაზე, რაც მე ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. იტალიური კულტურა, ბერძნულ კულტურასთან ერთად ანტიკური ხანის ლიტერატურულ შემოქმედებაში იგულისხმება და მათი კულტურის კინოგამოვლინება ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ოცნება ამ ქვეყნებში მოგზაურობაა, მაშინ იმასაც მოვიაზრებთ, რომ  ერთ-ერთ მთავარ ადგილს პაოლო სორენტინოს დიდებული სილამაზე( La grande Bellezza) დაიკავებს, ფილმმა რომელმაც ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ თითქოს ვიყავი მარადიულ ქალაქ რომში და დავინახე და ვიგრძენი ყველაფერი, რითაც ეს ქალაქი სუნთქავს, ცხოვრობს და ცოცხლობს. ხოლო  განსაკუთრებული სცენა- როდესაც ქალი ჭერს უყურებს,  ჭერზე ზღვის ტალღებს ხედავს და კვდება, არის განუმეორებლად შთამბეჭდავი, და გარკვეულწილად გერმანელ რომანტიკოსს ნოვალისთან შეიძლება დაკავშირება,  რომელიც ამბობს: „ადამიანის ყველაზე დიდი მოგზაურობა მის სულში ხდება,“  და ალბათ ასევე ყველაზე დიდი ფერისცვალებაც. შავ -თეთრი ფილმებში,  რომლებსაც სულაც არ ეკარგებათ ფერი იმის გამო, რომ შავ- თეთრი არიან, ესენია : ვიტორიო დე სიკას –  ,,ველოსიპედების გამტაცებლები“, ფედერიკო ფელინის – ,,გზა“, რომლის ფინალური სცენაც, როდესაც მთელი ცხოვრება ბორკილებით შებორკილი, ბრძოლით გადაღლილი და გაუხეშებული ჯამპანო ცაში სინათლეს ხედავს, თვითეული ჩვენგანის ცხოვრების პროტოტიპად და რეალურ სახედ იქცევა, ხოლო სინათლე ყოველთვის არის, და ის ყოველთვის ანათებს ჩვენს ცხოვრებას და მიგვიძღვის წინ- მარადისობაში. ასევე პიერ პაოლო პაზოლინის 1962 წელს გადაღებული  მამა რომა- იგივე დედა რომა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეშია გადაღებული, დღემდე მაინც არ კარგავს აქტუალობას და რადგან უმნიშვნელოვანესია , ის რისი თქმაც გინდა! და ჩემთვის ასევე იმედი იმისა, რომ მე მიუხედავად იმისა, ჰოლივუდში არ ვიყავი და არ მქონდა, მათი შესაბამისი დონის ტექნიკა და კამერა,  შევძლებდი ფილმის გადაღებას!  რადგან ეს შეძლეს 1962 წელს.

ვაფასებ ასევე აღმოსავლურ კინოს, მომწონს  ვონ კარ ვაის ფილმი  „სასიყვარულო განწყობა“  რომელიც თავისი მშვიდი მოქმედებების მსვლელობით და ფერებში გადმოცემული მღელვარებებით ნამდვილად საინტერესო და შთამაგონებელი საყურებელია. ასევე  ძალიან მომწონს  კორეული სერიალები, მათზე  გულწრფელად სერიოზული „ქრაშვის“ მომენტები მაქვს, მიუხედავად ამისა დღეს დაგინდობთ და მათზე  არ გელაპარაკებით. საინტერესო საყურებელია ასევე  ჰარუკი მურაკამის წიგნის მიხედვით  გადაღებული ფილმი „ნორვეგიული ტყე“  ისევ და ისევ აღმოსავლური  ფერების მიმზიდველობით და დამოკიდებულებით. და  ბოლოს იაპონური კინოს შემოქმედი  აკირა კუროსავა და მისი  „სიზმრები“, ამ ფილმს მანამდე ვუყურე, სანამ ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიულ წიგნს- „ წყურვილი სიცოცხლისა“   წავიკითხავდი ვინსენტ ვან გოგის შესახებ და ასევე თვითონ  ვან გოგის  წერილებს მისი ძმისადმი- თეოსადმი,  რომელიც ერთი ოქრო და საუნჯეა – რადგან მთელი მისი პიროვნება,  მთელი მისი ცხოვრების წვალება, შრომა, გარჯა და ღვაწლი მოჩანს ამ წერილებში . ხოლო ფილმში- „სიზმრები“  არის ერთი მონაკვეთი, რომელიც ვან გოგის შესახებაა,

როდესაც ფილმის მთავარი გმირი-მოგზაური კედელზე ჩამოკიდებული ნახატებიდან გადადის ვან გოგის ცხოვრებაში და ისე მოგზაურობს მის სულში, მის  ცოცხალ კონტრასტული ფერებში , ფერების ფერადოვნებით,  ოქროსფერობით სავსე წრფელი ნახატებში, მხატვარი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს,  სწორედ ამიტომ „ სიზმრებმა“  არაჩვეულებრივი სცენარით და მუსიკით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს ,,ფილმოგრაფში’’, და შთაბეჭდავი კვალი დატოვა.

და ბოლოს შეუძლებელია კინომატოგრაფიას შევეხოთ და არ ვახსენოთ ანდრეი ტარკოვსკი, ან უბრალოდ ტარკოვსკი და მისი ესთეტური ფილმები. ასევე შეუძლებელია არ ვთქვათ,  არ ვახსენოთ „სტალკერი“ –  რომელიც ჩემი საყვარელი ფერით- სეპიათი- ყავისფერ-ყვითელი ფერით იხსნება  და ამ ფერით  დაწყებული მსოფლიოს- ცხოვრების  აღქმა, როდესაც სტალკერი და მის გარშემო მყოფი ადამიანები თავიანთი ჩაკირული ცხოვრებებიდან, დაშრეტილი ოცნებებიდან, ჩაძირული ქალაქებიდან გამოდიან და  საგუშაგოს მიღმა ცდილობენ გადასვლას, რომელსაც იარაღით შეიარაღებული მესაზღვრეები იცავენ, +გადადიან სიმწვანეში- თავიანთი სულის სამეფოში- და სადაც ეძიებენ თავიანთ- თავს, სტალკერის საშუალებით, თავიანთ თავებში დაკარგულ, ჩაკარგულ შიშების მდელოებში, მინდვრებში დაიარებიან  და ჰპოვებენ ძიებას, მარადიულ ძიებას და ხსნას მარადისობის ძებნის სახელებში და გათავისუფლებულები საკუთარი თავებისგან,  ისევ  ცხოვრებებს უბრუნდებიან,  გზას განაგრძობენ და აგრძელებენ- ისევ ყავისფერ მოყვითალო ტონში,  ცხოვრების სეპიაში.

და ფილმი „სარკე“,  რომელიც  მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრ სხვადასხვა პიროვნებას ეხება,  რეალობაში მხოლოდ  რამდენიმე ადამიანს ეხება- ორ ან სამს და მათ ყოფნას/ არსებობას  დროის სივრცეებსა და განზომილებებში-, რომელიც დღეს ფიზიკაში აქტუალურ,  ხოლო რელიგიაში მარადიულ  საკითხს ეხმიანება, ეს აზრი კი შემდეგნაირია, რომ არსებობს პარალელური სივრცეები- და თუ მაგალითად აქ ელვის პრესლი მომღერალი იყო- სხვა პარალელურ სივრცეში შესაძლებელია დამნაშავე ყოფილიყო,  ასევე ამ საკითხის შესახებ არის გადაღებული ცნობილი ამერიკული  ფილმი „ ინტერსტელერი“ ( მაკენზი ფოის , მეთიუ მაკონაჰის, ენ ჰეთვეის და ჯესიკა ჩესტეინის- მონაწილეობით და რომელიც მიუხედავად მისი პოპკულტურული დამოკიდებულებისა,  სანახაობრივად  ძალიან კარგია,) რაც ტარკოვსკის შესახებ გამიგია, ეს არის ის, რომ მისი მშობლები პოეტები იყვნენ, რაც ჩემი აზრით, მისი ფილმების პოეტურობას ზუსტად ეხმიანება, და ისიც, ის ფაქტიც, რომ  მისი ფილმოგრაფია,  არამარტო ფილმებია – რომელიც გაძლევს შედეგებს და ფაქტებს, არამედ წიგნივით, ლიტერატურასავით  თვითეულ სცენაში- თავში  გააზრების, დაფიქრების საშუალებას, მსჯელობის  შეგრძნებას გიტოვებს.

და ბოლოს ასევე არ შეიძლება არ ვთქვათ ქართულ კინომატოგრაფიის შესახებ და არ ვთქვათ ის, რომ ჩემი საყვარელი ფილმია თენგიზ აბულაძის „მონანიება“, იქ დასმული საკითხების და ამ საკითხების გადაწყვეტის გამო, არაჩვეულებრივი ფერთა გამის გამო, ასევე საყვარელი ფილმებია: ,,ნერგები“, ,,ფესვები“, ,,თოჯინები იცინიან“, ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“, ,,ცისფერი მთები- ანუ ტიანშანი“ და ბოლოს „ჯარისკაცის მამა“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საბჭოთა იდეოლგიის მატარებელია, მაინც ძალიან ქართული ფილმია, ქართული სულით- რომელსაც ზუსტად და კონკრეტულად  ჩემთვის ვაზის სცენა აჩვენებს, როდესაც უცხო ქვეყნის- მტრის მიწაზე შეჭრილი ჯარისკაცები ყველაფრის გადავლას ცდილობენ მათ შორის ვაზის- ვენახის, და  ეს პატარა ქართველი გლეხი კაცი  კი მათ წინ ეღობება, და არ აძლევს საშუალებას და  უფლებას იმისას, რომ ვაზი ამორძიკვონ, ვაზი რომელიც გარკვეულწილად,  სიმბოლურად, რელიგიურად, კულტურულად, სოციალურად და საზოგადოებრივად არის დაკავშირებული და გაიგივებული საქართველოსთან.

და ბოლოს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს გადაღებულ-გაკეთებულ ფილმებს, მე მიჭირს მათი მოწონება, მგონია რომ დღევანდელი ფილმები ძალიან მშრალია, სასოწარკვეთილი და უიმედო- რაც ძალიან ცუდია ქვეყნის კულტურისთვის და ამ კულტურაში მყოფი ადამიანებისთვის.

ეს იყო ჩემი მოკლე მიმოხილვა- ფილმოგრაფია…

ჩემი ნაშრომი ჰერმან ჰესეს ტრამალის მგლის შესახებ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მირანდა ტყეშელაშვილი

პიროვნების კონცეფცია

ჰერმან ჰესეს რომანის „ტრამალის მგლის“ მიხედვით

გერმანული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრიატის

IV კურსი

სამეცნ. ხელ-ლი: ასოც. პროფ. ნათია ნასარიძე

ქუთაისი

2018

შინაარსი

შესავალი —————————————– —————————————–3-6

I თავი: ჰერმან ჰესეს შემოქმედების ძირითადი ტენდენციები ——————–7-15

IIთავი: „ადამიანი“ და „ტრამალის მგელი“ ჰერმან ჰესეს რომანში „ტრამალის მგელი“ ———————————————————————————–16-24

დასკვნა———————————————– ————————————25-26

გამოყენებული ლიტერატურა ——————————————————– 27-28

შესავალი

ჰერმან ჰესე არის XX საუკუნის ცნობილი გერმანელი მწერალი, პოეტი, მხატვარი. ის დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს კალვში. მან იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, ფრიდრიხ შილერის, თომას მანის და სხვა ცნობილი წარმატებული გერმანელი კლასიკოსი მწერლების გვერდით შეძლო მისი თვითმყოფადობის და განსაკუთრებულობის ჩვენება წიგნით „ ტრამალის მგელი“.

ჰერმან ჰესე გერმანელი მწერალია, მაგრამ დიდხანს შვეიცარიაში ცხოვრობდა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია: ის პროზაიკოსია, პოეტი, ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მხატვარი, მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას მისი რომანები და მოთხრობები იმსახურებენ. ჰესეს ხშირად ადარებენ თომას მანს, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა,      „ერთგვარი სულიერი ძმობა“. ჰერმან ჰესე თავის შემოქმედებაში გვიამბობდა თანამედროვე ბურჟუაზიული სამყაროს გამოუვალი კრიზისისა და „სულიერი საწყისის“ კვდომის შესახებ. მას აწუხებდა თანამედროვე სინამდვილეში ხელოვნების როლისა და საზოგადოებაში ადამიანისა და შემოქმედის დანიშნულების უმტკივნეულესი საკითხი.

ჰერმან ჰესეს შემოქმედების ცენტრში დგას ადამიანის ბედი, მისი მისწრაფება მშვენიერებისა და სრულყოფილებისადმი; მაგრამ იგი ვერსად პოულობდა მშვენიერებასა და სრულყოფილებას, ყოფის ჰარმონიას. ის ხედავდა, რომ საზოგადოებაცა და ადამიანის შინაგანი სამყაროც საშინლად წინააღმდეგობრივია. ჰესეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მთელი სიცოცხლე „მაძიებელი“ მწერალი იყო, ღრმა დაუკმაყოფილებლობა  და სიმამაცე არ აძლევდა საშუალებას, გადაეხვია ძიების გზიდან. მას მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედების ძირითადი მახასიათებელია არა ჰარმონია, არამედ განუწყვეტელი ბრძოლა, იმ გზის ძიება, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანებს თავიდან აეცილებინათ უამრავი უბედურება.

პირველმა მსოფლიო ომმა მწერლის ფსიქიკაში მძიმე მსოფლმხედველობრივი კრიზისი გამოიწვია. მორალურმა კრიზისმა და დეპრესიულმა მდგომარეობამ, მსოფლიო კულტურის შესანიშნავი მონაპოვრების დაკარგვის საშიშროებამ და ეჭვმა, რომ ადამიანის არსებობას აზრი არა აქვს, მთელი სიმძაფრით გადმოხეთქა რომანში „ტრამალის მგელი“.

„ტრამალის მგლის“  მთავარი გმირი მწერალი ჰარი ჰალერია, მარტოსული ინტელიგენტი, მილიტარიზმისა და ომის სასტიკი მოწინააღმდეგე. ჰალერი ბიურგერული სამყაროს შვილია, შინაგანად იგი ჩუმად კიდეც ნატრობს ამ სამყაროს ჩვეულ წესრიგს, მაგრამ არაფრით არ შეუძლია, შეეგუოს მის ირგვლივ გამეფებულ სიცრუეს. ჰესე მას მარტოხელა მხეცს „ტრამალის მგელს“ უწოდებს, რომლისთვისაც მიუღებელია ჯოგის კანონები, რომლის მიხედვითაც ცხოვრობენ „ობივატელები“, ბიურგერები. მაგრამ გმირი „მგელია“ სხვა გაგებითაც. ჰარი ჰალერს, ამ „ტანჯვის გენიას“ ბრძოლა უხდება არა მარტო საზოგადოებასთან არამედ საკუთარ თავთანაც „ადამიან-მხეცთან“, რომელიც ყოველი კაცის შიგნით ცხოვრობს და მხოლოდ ნელ- ნელა უთმობს თავის პოზიციებს  „სულის ადამიანს“.

ჰერმან ჰესეს შემოქმედების ანალიზს გერმანისტიკაში მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. მაგალითად აღსანიშნავია Bernhard Zeller: Hermann Hesse in selbstzeugnissen und Bilddokumenten; Gotthilf Hafner: Herman Hesse, Werk und Leben; Peter Baer Gontrum: Natur und Dingsymbolik als Ausdruck der inneren Welt Hermann Hesses; Hans Berger: Die Angst im Werk Hermann Hesses; Mauro Ponzi: Der Wald und die Steppe. Streifzüge durch die Fiktion Hermann Hessses; Klaus-Peter Philippi: Hesse und heutige Germanistik in Deutschland; Volker Michels: Zur Hermann Hesse-Rezeption in Deutschland; Helga Esselborn-Krumbiegel: Lesen als Reskription- Plädoyer für eine neue Hesse-Lektüre; Flavia Arzeni: Hesse und die Gartenkunst; Ralph Freedman: Hermann Hesse und Rainer Maria Rilke: vereinbar oder unvereinbar?; Rudolf Koester: Hermann Hesse und Jakob Wassermann; Antonio Vitolo: Literatur, Tiefenpsychologie, Sublimierung zwischen Jung, Freud und Hesse; Volker Wehdeking: Hermann Hesse, Carl Gustav und Thomas Mann; Friedhelm Brusniak: „Das Sinnen und Gedankenmachen hat keinen Wert…“ eine wiederentdeckte Radierung zu Hermann Hesses Knulp von Ludwig Schwerin; Geza Horvath: Hermann Hesse als „ vielgelesener“ deutschsprachiger Autor in Ungarn.

ასევე მრავალი სტატია თუ მონოგრაფიული შრომაა მიძღვნილი ჰერმან ჰესსეს ერთ-ერთი პოპულარული რომანისადმი „ტრამალის მგელი“. მაგ.: Egon Schwarz: Hermann Hesse : Der Steppenwolf. In: Interpretationen. Romane des 20. Jahrhunderts; Peter Huber: Der Steppenwolf. In: Interpretationen. Herman Hesse. Romane; Herforth Maria- Felicitas: Königs Erläuterungen und Materialien. Hermann Hesse: Demian-Siddhartha ‒ der Steppenwolf. Michels, Volker (Hg.): Materialien zu Hermann Hesse „Der Steppenwolf“.

ჰერმან ჰესეს შემოქმედების ქართველ მკვლევართაგან უნდა გამოვყო რეზო ყარალაშვილი, რომლის ნაშრომებმა სერიოზული წვლილი შეიტანა ჰერმან ჰესეს შემოქმედების კვლევის საქმეში. შემიძლია დავასახელო რამდენიმე შრომა, მაგ: ყარალაშვილი, რეზო: „შეშლილობის“ აპოლოგია; წინასიტყვაობა წიგნში: ჰერმან ჰესე ‒ „დამსვენებელი“, „ტრამალის მგელი“; ყარალაშვილი, რეზო: ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები; ყარალაშვილი რეზო: „ჰერმან ჰესე და გოეთე“; ყარალაშვილ რეზო: აღსარებითი პროზის ტრადიცია და თანამედროვე „ცენტრისკენული“ რომანი (წიგნში: დასავლეთ ევროპული ლიტერატურა (XX საუკუნე).  ლიტერატურის თეორია.  პოეტიკა.  ურთიერთობები).

ჰერმან ჰესეს შემოქმედებისადმი და კერძოდ „ტრამალის მგლისადმი“ მიძღვნილი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა ბოლომდე სრულყოფილად არ არის შესწავლილი პიროვნების კონცეფციის საკითხი ჰესეს ზემოხსენებულ რომანში.

აქედან გამომდინარე, ჩემი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, ვაჩვენო თუ როგორ წარმოჩინდება ჰერმან ჰესეს საეტაპო რომანის მთავარ მოქმედ პერსონაჟში მისი თანადროული ეპოქის ადამიანის კრებსითი სახე;  როგორ ნიველირდება თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანის სული, იკარგება ინდივიდუალობა; როგორ ჩნდება ადამიანში თანდათან „ტრამალის მგელი“ და ზოგადად, რა კონცეფციას აყალიბებს ჰესე პიროვნების საკითხისადმი აღნიშნულ რომანში.

დასახული მიზნიდან გამომდინარე საკურსო ნაშრომმა, სტრუქტურულად შემდეგნაირი სახე მიიღო.

შესავალი

I თავი:  ჰერმან ჰესეს შემოქმედების ძირითადი ტენდენციები.

II თავი:  “ადამიანი“ და „ტრამალის მგელი“ ჰერმან ჰესეს რომანში „ტრამალის მგელი“.

დასკვნა

შესავალში ვსვამთ პრობლემას, ვაანალიზებთ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას საკვლევ საკითხთან დაკავშირებით და ვაყალიბებთ ნაშრომის მიზნებს და ამოცანებს.

პირველ თავში განვიხილავთ და შევისწავლით ჰესეს თანამედროვე ეპოქას, თუ როგორ განსაზღვრა ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურმა პროცესებმა და ესთეტიკურმა აზროვნებამ მწერლის შემოქმედების ხასიათი. ვაჩვენებთ, როგორი სისავსით აისახა რომანში „ტრამალის მგელი“ პირველი მსოფილიო ომის შემდგომი სულიერი მდგომარეობა.

მეორე თავში განივიხლავთ, თუ როგორ წარმოადგენს ჰერმან ჰესე რომანში „ტრამალის მგელი“ ადამიანის სულის პრობლემას ამ სამყაროში; როგორ ასუსტებს ინდივიდუალობის დაკარგვა ადამიანს და აღუძრავს შიშს ცხოვრების წინაშე.

დასკვნაში განხილულია კვლევის შედეგები

I თავი

 ჰერმან ჰესეს შემოქმედების ძირითადი ტენდენციები

ჰერმან ჰესეს რომანები, მოთხრობები თუ ზღაპრები სწორედ ადამიანს ეხება, ადამიანის სულის პრობლემას ამ სამყაროში.

ჰერმან ჰესე დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს პატარა ქალაქში კალვში, თეოლოგების ოჯახში, ჰერმან ჰესეს მამა ‒ იოჰანეს ჰესე, ესტონეთში დაბადებული და გაზრდილი, ჩუმი და ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ხოლო დედა ‒ მარია გუნდერტ-დიუბუა, ცნობილი ინდოლოგისა და მისიონერის ‒ ჰერმან გუნდერტის ქალიშვილი იყო.

ჰესე ადრე იკეტება საკუთარ სამყაროში, უყვარს ბუნების წიაღში ყოფნა, მარტო სიარული, მდინარის პირას ანკესით ხელში ჯდომა და ფიქრი, ანდა ბალახში გულაღმა წოლა და თეთრი ქათქათა ღრუბლებლის ყურება. მწერლის ნაწარმობებში ხშირად ვხვდებით ბავშვობაში განცდილი შიშის გამოძახილს, პატარა ჰერმანს შიშს გვრიდნენ, მის გარშემო არსებული, რაღაც იდუმალი ძალები.

ჰერმანში ადრე იღვიძებს სინამდვილისადმი წინააღმდეგობის პროტესტის გრძნობა. ადამიანები მისთვის რაღაც უცხო ძალაა და ის გაურბის მათ.  პატარა ჰერმანი თითქოს ცდილობს შეინარჩუნოს ის ერთიანობა რომელიც შემდგომ მისი შემოქმედების ერთ-ერთი წამყვანი თემა ხდება  და რომელშიც „უფროსებს“ დისონანსი შეჰქონდათ. 5 წლის ჰესე ჯადოქრობას ნატრობს, რათა შეძლოს ამ საშიში სინამდვილის დაძლევა.

ჰერმან ჰესეს პირველი შთაბეჭდილებები, პირველი განცდები უშუალოდ არის დაკავშირებული მშობლიურ ქალაქ კალვთან. მწერალი ამბობს, რომ თუკი რამე დაუწერია ტყეზე, მდინარეზე, წაბლის ხის ჩრდილზე, თუკი სადმე აღწერს ნაძვის სურნელებას – ყველაფერი ეს კალვია.

ჰერმან ჰესეს შემოქმედების გაცნობისას მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფაქტორები. სუბიექტურ ფაქტორში ვგულისხმობ მწერლის დახვეწილ, მეტისმეტად მგრძნობიარე პიროვნებას, მისი ბავშვობის გარემოს, შვაბურ პიეტისტურ ატმოსფეროს, რომელშიც თავის დროზე იზრდებოდნენ ჰოლდერლინი, შელინგი, ჰეგელი; აღმოსავლურ სამყაროსთან სიახლოვეს, რაც შემდგომ ინდური და ჩინური აზროვნების გულმოდგინე შესწავლასა და სიყვარულში ვლინდება; ჰესეს მუსიკალობას, ნერვიულ ავადმყოფობასთან დაკავშირებით მწერლის ფსიქოანალიზით გატაცებას.

ობიექტური ფაქტორი საერთოა დასავლეთის ყველა მწერლისთვის. ესაა ბურჟუაზიული კულტურის ‒ ფილოსოფიის, რელიგიის, ხელოვნების და ლიტერატურის ‒ კრიზისი; ესაა დასასრულის განწყობილება დასავლეთის სულიერ ცხოვრებაში.

ამ ორმა ფაქტორმა მწერალში მუდმივი დაუკმაყოფილებლობა, სულიერი ტანჯვა და შინაგანი დისჰარმონია გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ჰერმან ჰესეს მთელი შემოქმედება შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა და დაკარგული ჰარმონიის ძიებააა.

ჰესე სიყრმიდანვე აღიქვამდა ამ დისონანსს და ერთი შეხედვით, თითქოს იმთავითვე უპირისპირდებოდა თავის გარემომცველ სინამდვილეს, თითქოს გაურბოდა კიდეც მას და ხან პოეზიაში ხან მუსიკაში, ხანაც ბუნების კულტში ეძებდა თავშესაფარს. თავის პირველ ლექსებში იგი უმღეროდა ღამეს, ვარსკვლავებს, მდინარის მღვრიე ტალღებსა და ციცინათელებს, ქათქათა ღრუბლებსა და ყვავილებზე მოფარფატე პეპლებს „მშვენიერება, თუ გნებავთ ხელოვნება ჩემი საბოლოო მიზანია“  ‒ წერდა იგი მის მშობლებს (13, 74).

შინაგანი დისონანსი, გარესამყაროსთან შეუწყობლობა, პროტესტი სამომხმარებლო იდეალების მიმართ, არსებობის ბიურგერულ ფორმებთან შეუთავსებლობა  და შინაგანი ჰარმონიის დაუოკებელი ძიება  მკვეთრად არის გამოხატული უფრო გვიანდელ ნაწარმობებეშიც.

„მე მსურდა თანამედროვე ადამიანისთვის ბუნება დიდებული, უტყვი ცხოვრება ახლობელი და საყვარელი გამეხადა. მე მინდოდა ადამიანისთვის მესწავლებინა დედამიწის მაჯისცემის ყურის მიგდება, მთელის ცხოვრებაში მონაწილეობა; მსურდა რომ მას, პატარა ცხოვრებისეულ ვნებებს აყოლილს არ დავიწყებოდა, რომ ჩვენ ღმერთები და საკუთარი თავის ქმნილებები კი არა, დედამიწის და კოსმოსური მთლიანობის შვილები და ნაწილები ვართ“ ‒ ამბობს მწერალი ერთ- ერთი გმირის პირით (14, 452).

 „პეტერ კამენცინდის“ თემა მეორდება ორი წლის შემდეგ დაწერილ პატარა ავტობიოგრაფიულ რომანში „ბორბლის ქვეშ“. ჰანს გიბერნრატი, პოეტური ბუნების ყრმა, იძულებულია დაემორჩილოს უხეში პრაქტიკოსი მამის მოთხოვნას და მისი სულიერი ძალები გაკვეთილების ზუთხვასა და ნიშნებზე ნადირობას შეალიოს. მაგრამ ბავშვის ნაზი და მგრძნობიარე არსება დიდხანს ვერ იტანს ასეთ არაბუნებრივ ცხოვრებას. ამავე დროს მას არც იმის ძალა აქვს, რომ საბოლოოდ გაემიჯნოს თავის გარემოს, უარყოს მამის , მასწავლებლების სამყარო, გიბენრატი იღუპება.

მელანქოლიური ტონები ჭარბობს მომდევნო ნაწარმოებებშიც „გერტრუდი“ და „როსჰალდე“. ამ რომანებში მოქმედებენ მგრძნობიარე პიროვნებები, განმარტოებული გმირები რომლებიც კონტაქტს ვერ ამყარებენ გარემომცველ სინამდვილესთან. სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს მუსიკოსი კუნი, „გერტრუდის“ მთავარი მოქმედი პირი. ასევე ყოველგვარ ადამიანურ კონტაქტს მოკლებულია თავის ოჯახში მხატვარი ვერაგუთი, რომელიც ამიტომ ჯერ ცდილობს შემოქმედებაში იპოვოს თავდავიწყება, მერე კი საერთოდ გარბის ევროპიდან და ინდოეთს მიაშურებს.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, სევდა და კაეშანი, დაპირისპირება უსულგულო ბიურგერული ყოფისა და უბადრუკი ცხოვრებისადმი, უკვე ჰესეს ომამდელ შემოქმედებაში იჩენს თავს. მაგრამ მწერლის ადრინდელი წლების შეჭირვება ჯერ კიდევ არ იყო ის ტოტალური  სულიერი და მხედველობრივი კრიზისი , რომელმაც შემდგომში მთელი მისი არსება მოიცვა. ამ დროს ჰესე ჯერ კიდევ რადიკალურად  არ ემიჯნებოდა თავის გარემომცველ სინამდვილეს, არამედ ცდილობდა ბურჟუაზიული საზოგადოების ფარგლებშივე მოენახა რაიმე გამოსავალი. მას სურდა აერიდებინა აშკარა კონფლიქტი არსებულ სინამდვილესთან  და აუტანელ ყოველდღიურობაში საკუთარი სულიერი დამოუკიდებლობა მაინც შეენარჩუნებინა როგორმე. ამიტომაც იყო, რომ ამ ხანებში ჰესეს ჯერ კიდევ შეგნებული არა ჰქონდა ევრიპული კრიზისის ყოვლისმომცველი ხასიათი და იგი სუბიექტურად მისთვის უცხო და ულმობელ, მაგრამ გარეგნულად მაინც მყარ და უცვლელ გარესამყაროსთან თავისი დამოკიდებულების მოგვარებას იმედნოვნებდა. მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა პირწმინდად გააქარწყლა მწერლის იმედები. მის მსოფლმხედველობაში თავი იჩინა მნიშვნელოვანმა გარდატეხამ. ახლა ჰესემ უკვე აშკარად დაინახა, რომ ბურჟუაზიული დასავლეთი უფსკრულის პირზეა მისული. გაქრა ის ბუნება, რომელსაც თავს აფარებდა ურბანისტული ცივილიზაციისგან ლტოლვილი პეტერ კამენცინდი. მთელი არემარე გაზსა და ფაბრიკა-ქარხნების კვამლში გაეხვია, ინდუსტრიამ განდევნა მოფარფატე ფარვანები ევროპის მინდვრებიდან. მიწა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საკვებს აწვდიდა ადამიანს, ჯავშნოსანთა მუხლუხოებით და ნაღმებით აოხრებული ყოველდღიურად ათასობით ჩექმით ითელება. აღარსად არის კალვისა და ბოდენის ტბა, შტიფტერის და კელერის ნაწარმოებთა პატრიარქალური ყოფა. ფელეტონი და მასობრივი იდეალები გაბატონდა სამყაროში. პოლიტიკოსები და გენერლები იქცნენ კაცთმოყვარეობის  და ჰუმანიზმის მესიტყვეებად და განდევნეს პოეტები. ინდუსტრიული ცივილიზაციიის ეპოქაში, რეპორტაჟებისა და საგაზეთო ინფორმაციის საუკუნეში, აღარავის აინტერესებს გულჩათხრობილი მეოცნების სევდიანი ფანტაზიები. ან კი რა აზრი აქვს საერთოდ ხელოვნებას ამ აბსურდად ქცეულ სინამდვილეში. ღირებულებათა სრული გაუფასურება კითხვის ქვეშ აყენებს არამარტო ხელოვნების ნაწარმოებს, არამედ თვით ადამიანის არსებობასაც. ასეთ ვითარებაში ხელოვანის ოპოზიცია ბურჟუაზიული საზოგადოებისადმი, მისი ემოციური ანტიბიურგერობა წმინდა სალონურ ჟესტად იქცევა. ჰესე ახლა მთელი სიმძაფრით აღიქვამს თავისი ადრინდელი ნაწარმოებების უსუსურობასა და უმწეობას. ესთეტი ჰესე ვერ უძლებს მორალისტი ჰესეს კრიტიკას, იდილიის ტრფიალი ფარ-ხმალს ყრის სასოწარკვეთილი ადამიანის მზერის წინაშე.

დასასრულის განწყობილება, მომავალი კატასტროფის წინათგრძნობა, ტოტალური ნიჰილიზმი და პესიმიზმი თითქმის მთელ ბურჟუაზიულ აზროვნებას ეუფლება. კრიზისმა, როგორც დავინახეთ, ჰერმან ჰესეს მსოფლმხედველობაშიც იჩინა თავი. ისიც, მრავალ თანამედროვესავით, თვალნათლივ ხედავს უზარმაზარი ეპოქის დასასრულს, მთელი არსებით აღიქვამს საუკუნო ძალთა კვდომას. მაგრამ ჰესესთვის, შპენგლერის ყაიდის წინასწარმეტყველთაგან განსხვავებით, ევროპული კრიზისი  ადამიანის სულის სიღრმეში იღებს დასაბამს და ყოვლისმომცველი კატასტროფის მაუწყებელი კი არ არის, არამედ მომავალი აღორძინების წინა პირობას წარმოადგენს.

ამრიგად, მოყოლებული პირველი მსოოფლიო ომის წლებიდან ჰესესთვის მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობს. ეს არის ადამიანის სულის სფერო. ყოველივე სხვა დანარჩენი ‒ ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობანი, საზოგადოებრივი ცხოვრება და ა. შ „ეგრეთ წოდებული სინამდვილეა“ მხოლოდ. ამიტომაც ჰესეს ნაწარმოებების თემას ამიერიდან ადამიანის შინაგანი გარდაქმნა  და მისი სულიერი ფერისცვალება წარმოადგენს. ეს თემა თავს იჩენს ჯერ კიდევ „ზღაპრებში“ ხოლო შემდეგ მთელი სიმკვეთრით ვლინდება „დემიანში“.

ინდური ფილოსოფიის გამოძახილს სამყაროს ერთიანობის შესახებ ვპოულობთ სამი წლით გვიან დაწერილ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებშიც ‒ „მოაგარაკე“. აქ ჰესე წერს: „მე არაფერი არა მწამს ისე ღრმად, როგორც ერთიანობა, არავითარი წარმოდგენა არ არის ჩემთვის ისე წმინდა, როგორც ის, რომ მთელი სამყარო ღვთაებრივი ერთიანობაა. მთელი ბოროტება კი იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული თავს მთელის ნაწილად აღარ გრძნობს და „მე“-ს გაზვიადებული მნიშვნელობა ენიჭება” (15, 61).

ჰესეს ოციანი წლების შემოქმედების ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი კატეგორიაა იუმორი. თუკი სინამდვილე იმდენად საზარელი და დისჰარმონულია, ფიქრობს მწერალი, იმდენად აუტანელი და მიუღებელი, რომ ამ სინამდვილეში ადამიანის არსებობაც კი აზრს კარგავს, იქნებ შეიძლება დაძლევა სწორედ არასერიოზული მიდგომით, სიცილით, ირონიით და იუმორის მეშვეობით. „დიახ“ ‒ თვითონვე პასუხობს ჰესე „სიცილი სინამდვილისადმი არასერიოზული მიდგომაა. იმის ცოდნა, რომ ყველაფერი წარმავალია, რას არ აატანინებს კაცს… ჩვენ ამ სასაცილო სამყაროს არ უნდა ვცეთ პატივი და სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ მას“ (15, 162).

პეტერ ჰუბერის აზრით: „Hier wird der Melancholiker der Individualterminologie begrifflich zu einem auserhalb der bürgerlichen Ordnung Stehenden, zu einem „Sonderling oder Genie“. Insofern die meisten „outsiders“ sich sein Schwerfeld nicht überwinden können, leiden sie an einer gesellschaftlich bedingten Identitäts- und Existenzkrise, für die sich freilich ein chiliastischer Heilsweg findet: das „dritte Reich“ des Humors zwischen dem Planeten  des Burgertums und dem Kosmos der Genialitat“ (16, 87-88).

აზრი სამყაროსა და ადამიანის ორწახნაგოვნების შესახებ, ე. წ. „ბიპოლარობის იდეა“, ჰესეს შემოქმედებაში სხვადასხვა სახით ვლინდება. აქ ერთმანეთს უპირისპირდება სული და ბუნება, ხელოვანი და ბიურგერი, ცხოვრების მჭვრეტელობითი და აქტიური და ქმედითი იდეალი.

მწერლის სიმპათიები თითქმის ყოველთვის სულის მხარეზეა. ის თითქმის ყველგან ცდილობს აღადგინოს სულის პრესტიჟი, დაიცვას იდეალური მატერიალურის შემოტევისგან, ხაზი გაუსვას ადამიანის სულიერი ცხოვრების მნიშვნელობას. მაგრამ ეს სიმპათიები არასდროს არ გადადის ცალმხრივობაში. ჰესე თითქმის ყველგან. სულისადმის სიმპათიების მიუხედავად სინთეზისკენ ისწრაფვის, ამ ორი პოლარული მხარის შერიგებას ცდილობას. ამ სინთეზის გამოხატულებაა ემილ სინკლერის სწრაფვა შინაგანი ჰარმონიისკენ და აბრაქსას კულტი დემიანში.

II თავი

ადამიანი“ და „ტრამალის მგელი“ ჰერმან ჰესეს რომანში „ტრამალის მგელი“

ჰერმან ჰესეს  რომანი „ტრამალის მგელი“ 1924/27 წლებში იწერებოდა. მასში აისახა ის ღრმა სასოწარკვეთა, რომელმაც იმხანად მოიცვა მწერალი, 1914 წლის 11 იანვარს ჰესემ ბაზელში იქორწინა შვეიცარიელი მწერლის ლიზა ვაგნერისა და მსხვილი მრეწველის ქალიშვილზე, თავისზე 20 წლით უმცროს მხატვარსა და მომღერალზე რუთ ვაგნერზე. მაგრამ ქორწინება იმდენად უიღბლო გამოდგა რომ ჰესემ ორიოდე კვირის შემდეგ მიატოვა ახალგზრდა ცოლი და მშობლიურ მონტანიოლას მიაშურა. ბაზელში იგი მხოლოდ ნოემბერში დაბრუნდა, მაგრამ ბინა მაინც რუთისგან ცალკე იქირავა ‒  ლოთრინგერშტრასეს მეშვიდე ნომერში.

რუთი იქვე შორიახლო „კრაფტის“ სასტუმროში ცხოვრობდა, მაგრამ ჰესე ცოლს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხანმოკლე ერთობლივ მოგზაურობას გერმანიაში, კვირაში ერთხელ თუ მოინახულებდა ხოლმე, დანარჩენ დროს კი ან საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ატარებდა, სადაც ერთი გამომცემლობის შეკვეთით გერმანული კლასიკური ლიტერატურის თორმეტტომიანი ანთოლოგიის შედგენაზე მუშაობდა, ან რომელიმე სამიკიტნოში მყუდრო ადგილს მონახავდა და იქ ერთ ბოთლ ღვინოს უჯდა ხოლმე საათობით. სწორედ იმხანად მოუვიდა მას თავში ისეთი რომანის დაწერის იდეა, რომლის გმირიც შინაგანად გაორებული ადამიანი იქნებოდა. მაგრამ მუშაობა თავდაპირველად ისე მდორედ მიიწევდა წინ, რომ მომდევნო წლის ზაფხულში ჰესემ ჯერაც არ იცოდა, მოაბამდა თუ არა თავს თავის ჩანაფიქრს. „დავწერ თუ არა ფანტასტიკურ წიგნს ტრამალის მგელზე, რომელიც ჩავიფიქრე,“ – წერდა იგი აგვისტოს თვეში თავის მეგობარს გეორგ რაინჰარტს, – „ჯერ კიდევ არაა ნათელი. ესააა კაცის ამბავი, რომელიც იმ სასაცილო მიზეზით იტანჯება, რომ ნახევრად ადამიანია, ნახევრად კი მგელი. მის ერთ ნახევარს უნდა თქვლეფა, ხვრეპა, კვლა, და ასეთი უბრალო რამეები, მეორეს კი აზროვნება და მოცარტის მოსმენა სურს. ამის გამო კაცის შიგნით უთანხმოება წარმოიშობა და ის მანამდე ვერ პოულობს სიმშვიდეს, ვიდრე არ მიხვდება, რომ მისი მდგომარეობიდან ორი გამოსავალი არსებობს – ან თავი უნდა ჩამოიხრჩოს, ან იუმორს მიმართოს“ (14, 351-352).

            „ამრიგად, ტრამალის მგელს ორბუნოვანი საწყისი მოსდგამდა: ადამიანური და მგლური. დიახ, ასე ჰქონდა დაბედებული, მაგრამ ამ ქვეყნად განა იშვიათია ასეთი ბედისწერით გამორჩეული ადამიანები?! მის არსებაში ადამიანი და მგელი ვერა და ვერ შეთვისებოდა ერთმანეთს, საშველად ხელის გაწოდებაზეც ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, დღენიადაგ დაუძინებელი მტრობა ჰქონდათ და ერთმანეთის საწამებლად იყვნენ გაჩენილი. დიახ, ერთი კაცის სულსა და ხორცში რომ ორი ასეთი შეურიგებელი საწყისი ჩაიბუდებს, მისი ცხოვრება დიდი ვერაფერი სახარბიელოა. მაგრამ რას იზამ, განგებამ ყველას თავ-თავისი მისია დააკისრა, ადვილი ხვედრი კი არც ერთისა არ უნდა იყოს“ (6, 25).

ფრიც ბოტგერს მიაჩნია, რომ: Die Erzählung ist ein Beziehungsgeflecht aus Motiven, Symbolen und Anspielungen, die zusammen mit den kontrapunktischen Stimmen von Individualisation und Sozialisation, Geist und Natur und wie die vielfältigen Polarisierungen bei Hesse sonst noch heissen mögen, in der Tat an die Dux-Comes-Struktur der Fuge erinnern. Der Wolf als Symbol des Tieres im Menschen ist in der Literatur und der Sage nahezu aller Zeiten und Volker present. Der Werwolf der germanischen Mythologie, der in Mensch-und Wolfsgestalt erscheinen kann, ist im „Steppenwolf“ ebenso konnotiert  wie Jack Londons einzelgängerischer Seewolf“ (8, 327).

მომდევნო ორი ზამთარი ჰესემ ციურიხში დაჰყო, სადაც მეგობრებმა ალისე და ფრიც ლოიტჰოლდებმა შანცენგრაბენზე პატარა ბინა უქირავეს. 1926 წლის იანვარ-თებერვალში ჰესემ დაიწყო სამეჯლისო ცეკვების შესწავლა და ყველიერის კარნავალებისა თუ სხვა გართობა-თამაშობების ხშირი სტუმარი გახდა. თავისი მომხიბლავი მასწავლებელი იულია ლაუბი-ჰონგერი მან შემდგომში ჰერმინეს სახით გამოიყვანა რომანში. 6 მაისს ჰესემ პირველად წაიკითხა საჯაროდ ერთი მონაკვეთი „ტრამალის მგლიდან“, ხოლო  „ფრანქფურტერ ცაიტუნგის“ 12 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა „სიზმარი გოეთესთან აუდიენციის შესახებ“.  წლის მიწურულისკენ რომანზე მუშაობის ტემპმა იმატა, ხოლო დეკემბერ-იანვარში მწერალი, მისივე აღიარებით, „ექვსი კვირის განმავლობაში დღესა და ღამეს ასწორებდა“ ვიდრე 1927 წლის 11 იანვარს საბოლოოდ არ დაასრულა ხელნაწერის გადათეთრება, 8 თებერვალს ჰესე შეხვდა გამომცემელს, სახელმოხვეჭილ სამუელ ფიშერს, რომელსაც ამასობაში წაეკითხა ნაწარმოები და აღუთქვა მწერალს, რომანს უახლოეს ხანში გამოგიცემო. ეს პირობა ფიშერმა შეასრულა და ოთხი თვის თავზე, საიუბილეოდ მიართვა მწერალს „ტრამალის მგლის“ საცდელი ეგზემპლარები.

ჰესეს შემოქმედებაში მგლის ხატი პირველად თავს იჩენს პატარა მოთხრობაში „მგელი“ (1907), სადაც აღწერილია, თუ როგორ ჩაქოლეს ერთ სუსხიან ღამეს შვეიცარიელმა გლეხებმა თავის ხროვას მოწყვეტილი, შიმშილისგან გაოგნებული, ამაყი და შეუპოვარი ნადირი. „ტრამალის“ ცნება უფრო გვიანდელი წარმოშობისააა. პირველად მას ვხვდებით „დამსვენებელში“, სადაც ის მეტაფორულად განმარტავს სიმარტოვის შეგრძნებას, ხოლო თხზულების ბოლო ნაწილში „ტრამალის მხეცად“ გაივრცობა და მარტოსული ადამიანის აღმნიშვნელ ხატად იქცევა. იმ სახით, როგორც ეს რომანშია, „ტრამალის მგელი“ პირველად ჰესეს 1926 წლის დღიურში ჩნდება.

გარდა მეტაფორულისა, ტრამალის მგლის სიმბოლო სულ ცოტა სამმაგი აზრის შემცველია- მითოლოგიურის, ფილოსოფიურისა და ფსიქოლოგიურის.

გერმანულ მითოლოგიაში „მგელი“ გახლდათ საშიში დემონი, რომლის ყმუილიც დასასრულს მოასწავებდა. უძველესი თქმულებები მოგვითხრობენ ვერვოლფტა ანუ მგელკაცთა ამბავს, ვინც დროდადრო მგლად გარდაისახებოდნენ ხოლმე და შიშის ზარს ჰგვირდნენ ყველა სულდგმულთ. გარდა ამისა, „მგელი“ სხვა ხალხთა კულტურებშიც ხშირად განასახიერებდა მრისხანე და მტარვალ ძალას, რომელიც ირგვლივ სიკვდილსა და განადგურებას თესავს. ხოლო ქრისტიანულ სიმბოლიკაში იგი არაერთგზისაა გაიგივებული ეშმაკთან. მგელი მზაკვარი და ავი ცხოველია, ვინაიდან ძარცვა-რბევაზეა გადასული და ხახადაღებული გარს უვლის ხოლმე მინდორზე შეფენილ ფარას.

ფილოსოფიური თვალსაზრისით, „ტრამალის მგლის“ სიმბოლოს სათავეები ადვილად მოიძიება „ჯოგის ადამიანისა“ და „დიფერენცირებული ინდივიდუუმის“ ნიცშესეულ დაპირისპირებაში, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელს ნიცშე ხშირად „მხეცსა“ და „ბესტიასაც“ უწოდებდა ხოლმე. „მგელი“ თვითანალიზისა და შინაგანი ჭიდილის შედეგია. იგი დიონისური სამყაროს ქრისტიანული კულტურის ათასწლოვანი უღლიდან გამოთავისუფლებისა და პიროვნების სულიერი დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის მოვლენაა.

ფსიქოლოგიური გაგებით „ტრამალის მგლის“ სიმბოლო ფსიქიკის იმ სფეროზე მიგვანიშნებს, რომელიც არაცნობიერში არის განდევნილი და „ლანდის“ არქეტიპულ ხატს ქმნის. რაკი რომანში ლაპარაკია შინაგანი წინააღმდეგობის მოხსნასა და ფსიქიკური მთლიანობის აღდგენაზე, „მგლის“ სიმბოლო გმირის შინაგანი სამყაროს ბნელ მხარეზე მიუთითებს, რომლის აღიარება-გაცნობიერებაც მის უპირველეს ამოცანად უნდა იქცეს. ამიტომ ჩვენც ამთავითვე უნდა ვიცოდეთ, რომ „მგლური“ ბუნების განვითარების მოთხოვნა ჰესესთან დაქვეითებას კი არ გულისხმობს, არამედ ამაღლებას, ვინაიდან ხელს უწყობს ჰარმონიული და სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებას.

ჰესე თავის პერსონაჟებს სრულიად გამიზნულად ქმნიდა არა როგორც ხასიათებსა და ინდივუდუუმებს, არამედ როგორც ტიპებს, როგორც სახე-ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი არაცნობიერის სხვადასხვა სფეროებსა და ფუნქციებს. ამიტომაც იგი მათ, ერთი მხრივ, ანიჭებდა ისეთ მყარ ინვარიანტულ თვისებებს, რომელნიც არაცნობიერის ცალკეულ სახეებს ახასიათებთ, ხოლო, მეორე მხრივ, თავისივე ინდივიდუალური სულიერი გამოცდილების ნიშნებს მიაწერდა.

განსაკუთრებული თანმიმდევრულობით ზემოაღწერილი პოეტოლოგიური პრინციპი განხორციელებულია „ტრამალის მგელში“ და კრიტიკოსებიც უკვე კარგა ხანია, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, უფარდებენ ჰერმინეს პერსონაჟს „ანიმას“, ხოლო მგელში კი „ლანდის“ არქეტიპული სახის პროექციას ხედავენ. მაგრამ ასეთი დაკვირვებისას მკვლევარები აქამდე რატომღაც „ტრამალის მგლით“ იფარგლებოდნენ და თითქოს ვერ ამჩნევდნენ, რომ აქ ჩამოყალიბებული პოეტოლოგიური მოდელი მეტნაკლებად ჰესეს პროზაულ თხზულებათა უმრავლესობის კომპოზიციასა და სტრუქტურას განაპირობებს.

„ჭეშმარიტება“, წერდა გოეთე, „რაც იგივეობრივია ღვთაებრივისა, არასდროს შეიმეცნება პირდაპირ, არამედ მხოლოდ ანარეკლში, მხოლოდ მაგალითში, მხოლოდ სიმბოლოში, მხოლოდ ცალკეულსა და მონათესავე მაგალითებში გვეძლევა“ (9, 639).

ჰერმან ჰესეს არაერთი ასეთი ქარაგმა და სიმბოლო შეუქმნია. მათი არსი ყოველთვის ის იყო, რომ უაზრო და უღიმღამო ყოველდღიურობის მიღმა აზრს წარმოაჩენდნენ ხოლმე, სიმრავლის იქით მის ერთიან საფუძველს ხდიდნენ საჩინოდ. „ტრამალის მგელში“ ასეთი ქარაგმაა რადიომიმღები, რომელიც ჰენდელის მუსიკას გადმოსცემს. საკვირველი აპარატი, რითაც ესოდენ თავი მოაქვთ ტექნიკური საუკუნის მკვიდრთ, ხრიალებს, ტკაცანებს და თითქოს ძალას არ იშურებს, რომ როგორმე შეაფერხოს  საუცხოო ჰანგების მდინარება, მაგრამ რადიოდაბრკოლებათა მიღმა აჟღერებული ღვთაებრივი მუსიკის ფონზე მხოლოდ საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას ავლენს;

თვითონ ტრამალის მგლის სიმბოლო, მაგალითად, შეიძლება  სრულიად სხვადასხვაგვარად გავიგოთ, მკითხველმა შეიძლება მოახდინოს მისი მითოლოგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ან რაიმე სხვა სახის ინტერპრეტაცია. პირველ შემთხვევაში რეალური მკითხველი ამ სიმბოლოში, ალბათ დაინახავდა ხტონური ძალების განსახიერებას, ბოროტ მითიურ მხეცს, ეშმაკისეულისა და დემონურის აღმნიშვნელ სიმბოლოს. მეორე შემთხვევაში იგი შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ჰესეს მიერ გამოყვანილი ცივლიზაციით დევნილი და ამავე დროს „ქალაქებსა და ჯოგურ ცხოვრებაში გზააბნეული“ სტეპის მხეცს იქით ნიცშეს დიონისეს დითირამბების პანთერა დგას და რომ ბიურგერისა და ხელოვანის, ჯოგისა და დიფერენცირებული ინდივიდუუმის დაპირისპირებასაც ისევ და ისევ ნიცშესთან მივყავართ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალურ მკითხველში ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და შეფასების ხედვის კუთხემ სძლია, მაშინ ის ტრამალის მგელს, ალბათ, აღიქვამს, ვითარცა „ლანდის“ აღმნიშვნელ პერსონაჟს, რომელიც გმირის „ბნელ მხარეს“, მისი ფსიქიკური ბუნების უძველეს და, ამავე დროს, დათრგუნულ და აკრძალულ მხარეებს განასახიერებს. ზემოთჩამოთვლილ შესაძლებლობათა გარდა, არსებობს ამ სიმბოლოს დაკონკრეტების და ინტერპრეტაციის სხვა მრავალი შესაძლებლობაც. მაგრამ სიმბოლოს ინტერპრეტაციისას მხატვრული ნაწარმოების ქმედითობის თვალსაზრისით, მთავარია არა რეალური მკითხველის მიერ არჩეული მიმართულება და სიმბოლოდ დაკონკრეტების სახე, რომელსაც აირჩევს რეალური მკითხველი, არამედ მოდელის ქმედითობა, რომელიც ჰესესთან იმ ძირითადი კოდის ბინარობაში მდგომარეობს, რომლითაც „დაშიფრულია“ ეს სათქმელი. ასეთ მოდელირებას ფესვი ღრმად აქვს გადგმული მწერლის მსოფლგანცდაში, რომელსაც სამყაროს ძალების (ინისა და იანის) დიალექტიკური ურთიერთკავშირი და ურთიერთქმედება სამყაროს ერთ-ერთ ძირითად კანონად მიაჩნდა და რომელმაც მისი მსოფლხედვის ეს დებულება თავისი შემოქმედების კონსტრუქციულ პრინციპად აქცია. ხოლო  რაკი ეს ბინარობა და ორხმოვანება ჰესეს პოეტური კოდის ძირითად, მის თხზულებათა მთელი სისტემის გამმსჭვალავ თვისებად იქცა, რეალურ მკითხველს იმისთვის, რომ მოდელმა „იმოქმედოს“, მოეთხოვება ძირითადი კოდის ამოცნობა და სიმბოლოების „გაშიფრვა“ არა ცალ-ცალკე და აბსოლუტური მნიშვნელობით, არამედ საპირისპირო პოლუსებთან მიმართებაში: გოლდმუნდი ნარცისით უნდა გაივრცოს, ტრამალის მგელი-მოცარტით და ა.შ. ნაწარმოების ჭეშმარიტი აზრი და მნიშვნელობა ჰესესთან ყოველთვის სიმბოლოთა ორი კომპლექსის საზღვარზე წარმოიშობა და ეს გარემოება მუდამ მხედველობაში უნდა ჰქონდეს რეალურ მკითხველს, თუკი მას სურს კონტაქტი დაამყაროს ტექსტთან და ჩასწვდეს მხატვრულ სტრუქტურაში კოდირებულ აზრს. ამრიგად, კითხვის პროცესი დიალექტიკური პროცესია − ერთი მხრივ, რეალური მკითხველი უნდა დაემორჩილოს ნაწარმოების იმანენტურ პოეტურ კანონს, უნდა ამოიცნოს მხატვრული თხზულების ძირითად კოდი, რომელიც მას გზას გაუხსნის მოდელისა და რომანის ძირითადი სიმბოლოსკენ, ხოლო მეორე მხრივ, მას მოეთხოვება ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის გამოვლენა და მოცემული კონსტრუქციის საკუთარი სულიერი გამოცდილებით შევსება.  ლოსევი მიიჩნევს, რომ მხატვრული ნაწარმოების მოდელს ძალა უნდა შესწევდეს გავრცელდეს მთელ ნაწარმოებზე, მოიცვას და გამსჭვალოს იგი, ვითარცა თავისებურმა იდეოლოგიურ- მხატვრულმა და აზრის მიმნიჭებელმა ნაკადმა (26, 133).

„ტრამალის მგელში“ ჰერმან ჰესე შემდეგნაირად ხატავს ჰარი ჰალერს: „იყო და არა იყო რა, იყო ვინმე ჰარი, მეტსახელად ტრამალის მგელი. ორ ფეხზე იდგა, ტანთ სამოსი ეცვა და გარეგნობაც ადამიანისა ჰქონდა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, მაინც ტრამალის მგელი გახლდათ. ბევრი რამ ისეთი ისწავლა, რისი სწავლაც მარტოოდენ გამჭრიახი გონების ადამიანს შეეძლო, და მართლაც გონიერი კაცი ეთქმოდა, მაგრამ ის კი ვერ შეეთვისებინა, რომ ადამიანი საკუთარი თავითა და ცხოვრებით ზოგჯერ კმაყოფილიც შეიძლება იყოს. ამ დღენიადაგ უკმაყოფილო კაცს საერთოდ დაეკარგა კმაყოფილების განცდის უნარი. ამის მიზეზი, შესაძლოა ის იყო, რომ სულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდა (ან ეგონა, რომ გრძნობდა), ადამიანად კი არა, ტრამალის მგლად გამაჩინა განგებამ“ (6 ,166 ).

თუ ახლა ყოველივე თქმულს დავაკავშირებთ ამბისა და სიუჟეტის შექმნის იმ კანონზომიერებასთან, რაზედაც ზემოთ იყო ლაპარაკი, დავინახავთ, რომ „ნორმალურად“ ჰესეს რომანში ისეთი ადამიანია მიჩნეული, რომელიც თავს საკუთარ „მე“-სთან აიგივებს და ეჭვი არ ეპარება ამ „მე“- მთლიანობასა და განუყოფელობაში. შესაბამისად აკრძალვის ზღვარიც, რომელიც საპირისპირო ნაწილად ყოფს ეპიკურ სამყაროს, ცნობიერზე გადის, რომელიც „მე“-ს თავის ერთადერთ საყრდენად დაუსახავს. ყველა ის საზოგადოების მიერ შერისხული და ცნობიერიდან განდევნილი შინაარსი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ადამიანთა თანაარსებობისთვის საზიანოდაა მიჩნეული, ამ ზღვარს მიღმააა და მაშასადამე, აკრძალვის სფეროშია მოქცეული. „ნორმალურები“ ცნობენ ამ აკრძალვას და ამიტომ ერიდებიან ცნობიერების ზღვარის გადალახვას. უფრო მეტიც, ისინი გასაოცარი სიჯიუტით უარყოფენ ყოველივე ნიშანს, რაც კი ამ საზღვარს იქით მიედინება და ისე იქცევიან, თითქოს არაცნობიერი სამყარო სულაც არ არსებობდეს. ხოლო იმ თითო-ოროლა მეოცნებესა და განკაცების სურვილით შეპყრობილ ადამიანს, ვინც არას დაგიდევს აკრძალვასა და ცნობიერების საზღვარს იქით შეღწევას ლამობს, „შეშლილებს“ უწოდებენ და თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას.

თუკი სინამდვილე იმდენად საზარელია და დისჰარმონიულია, ფიქრობს მწერალი, იმდენად აუტანელი და მიუღებელი, რომ ამ სინამდვილეში ადამიანის არსებობაც კი აზრს კარგავს, იქნებ შეიძლება მისი დაძლევა სწორედ არასერიოზული მიდგომით, სიცილით, ირონიით და იუმორის მეშვეობით. „დიახ“, თვითონვე პასუხობს ჰესე:

„იუმორით ამის ატანაც შეიძლება, კაზარმების, ვაგზლების, ლიტერატურული მოხსენებებისაც კი. სიცილი, სინამდვილისადმი არასერიოზული მიდგომააა, იმის ცოდნა, რომ ყველაფერი წარმავალია, რას არ აატანინებს კაცს…. ჩვენ ამ სასაცილო სამყაროს არ უნდა ვცეთ პატივი და სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ მას. დიახ – ეს სურათი უკვე ზედმეტია თქვენთვის, ჩემო მეგობარო, აღარ დაგჭირდებათ და უნდა გააქროთ იგი. სრულიად საკმარისი იქნება, თუ სურათს დახედავთ და გულწრფელად გაიცინებთ, ოღონდ სათანადო გუნება განწყობაზე უნდა ბრძანდებოდეთ. აქ იუმორის სკოლაა და სიცილი უნდა ისწავლოთ. ჯანსაღი იუმორი კი მაშინ იწყება, როცა კაცი საკუთარ თავს დიდად არაფრად აგდებს“  (15, 162).

ჩვეულებრივისა და უჩვეულოს, ემპირიულსა და ტრანსცენდენტულის, რეალურისა და იდეალურის შეპირისპირებით შექმნილი ქარაგმა იუმორს წარმოშობს, რამდენადაც უსასრულობასთან კონტრასტი მოვლენის ნაკლულობას, არასრულყოფილებას და საბოლოო ჯამში, მის კომიკურობას წარმოაჩენს. ვინაიდან სრულყოფილების მცოდნისთვის ყოველთვის სასაცილო იქნება ნაკლულევანების ამბიცია, მარადიულობის მჭვრეტს ყოველთვის გაეღიმება სასრულისა და ბოლო ვადის პრეტენზიაზე − მოიპოვოს უკვდავება. ამრიგად, იუმორი, ჟან პოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, სპობს და ანადგურებს სასრულს იდეასთან მისი კონტრასტის გზით. შესაბამისად, იგი ეთიკურიდან რწმენის საფეხურზე გადასვლის აუცილებელ მომენტსაც უნდა წარმოადგენდეს და შედეგად უნდა ჰქონდეს ემპირიული პიროვნებულობის განადგურება, რადგან რწმენა ადამიანს იდეათა სამყაროს აზიარებს და, ამდენად, მოვლენათა სამყაროსადმი, მათ შორის, საკუთარი თავისადმი, იუმორისტულ დამოკიდებულებას გულისხმობს. სწორედ ამიტომააა, რომ უკვდავნი „ტრამალის მგელში“ ჰარი ჰალერისგან მოითხოვენ სიცილის ხელოვნებას დაეუფლოს. ამრიგად, ცხოვრების რაციონალური პრინციპი, სულიერი განვითარების ეთიკური სტადია, წინმავალ და მომდევნო საფეხურების მიმართ ორი კომიკური ფორმითააა შემოსაზღვრული: ზღაპრულსა და არაჩვეულებრივთან შეჯერებული რაციონალიზმი წარმოშობს ირონიას, ხოლო სინამდვილისა და იდეალის, ანუ მეორე და მესამე საფეხურების კონტრასტი ქმნის იუმორს.

იუმორის დანიშნულება ამ რომანში, სხვათა შორის, ისიცაა, რომ შესაძლებელი გახადოს ჰარი ჰალერის მგლური და ადამიანური, დიონისური და აპოლონური მხარეების შერიგება, რამეთუ იუმორი, ჰესეს თანახმად, ის ჰაეროვანი ხიდია იდეალსა და სინამდვილეს შორის, რომელიც წინააღმდეგობათა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმების მაგიურ საშუალებას წარმოადგენს. ხოლო საკუთარი ბუნების საწინააღმდეგო მხარეთა შერიგება ჭეშმარიტი ადამიანის იდეალის განხორციელებისა და საკუთარ თავში არსებულ შესაძლებლობათა რეალიზაციის საწინდარია. ჰარი ჰალერის ბუნების ორი მხარე: ჰარი – მგელი და ჰარი – ადამიანი − თავისებურ ხორცშესხმას ჰპოვებენ სამი წლით გვიან დაწერილ რომან „ნარცისსა და გოლდმუნდში“, სადაც ისინი ორი პერსონაჟის სახით არიან წარმოდგენილნი. უნდა ითქვას, რომ ჰესე ჯერ კიდევ ადრეულ შემოქმედებაში მიმართავდა „პიროვნების გაორების“ ანუ, როგორც ზოგიერთი უწოდებს, „პიროვნების გახლეჩის“ ხერხს, როცა ავტობიოგრაფიულ დეტალებსა და თავისი სულიერი სამყაროს განსხვავებულ მხარეებს ისე ანაწილებს ორ კონტრასტულ პერსონაჟს შორის, რომ მათი დაპირისპირება და სხვაობათა დიალექტიკური ურთიერთქმედება სახეთა მიჯნასა და პირაპირაზე თავად ავტორის სულიერ ავტოპორტრეტს წარმოშობს.

„ტრამალის მგელში“ პერსონაჟები და მოვლენები წარმოადგენენ ნიშან-სიმბოლოებსა და შიფრებს, რომლებიც აღნიშნავენ გარკვეულ გამოუთქმელ და ცალსახად გადმოუცემელ შინაარსს. ამის გამო კონცეპტის აღდგენა და ტექსტის გარე შრით დაფარული „არათქმული“ შინაარსის წვდომა დაკავშირებულია მოცემულ სახე-ნიშანთა ამოცნობასთან, რაც ინტერპრეტაციის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ამოცნობა ტექსტის ინტერპრეტაციისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. იგი მხოლოდ ნედლ მასალას გვაწვდის, რაც, ცხადია, ვერ განსაზღვრავს მოქმედი მოდელის საბოლოო სახეს და ხასიათს. თანაც ცალკეულ ნიშანთა და სიმბოლოთა მნიშვნელობანიც არ არის აბსოლუტური, არამედ კონტექსტისა და ცალკეულ ელემენტთა ურთიერთკავშირის ხასიათის მიხედვით გარკვეულ აზრობრივ  მრავალმნიშვნელობას ამჟღავნებენ და თავიანთ სემანტიკურ როლს მხოლოდ სისტემის სხვა ნიშნებთან ურთიერთობაში ავლენენ.

            „ჰარი ჰალერის ჩანაწერებს“ წინ უძღვის კატეგორიული მითითება, რომ წიგნი „მხოლოდ შეშლილთათვისააა“ განკუთვნილი. მაგრამ რეალური მკითხველი, ვიდრე იგი აღნიშნულ წარწერამდე მივიდოდეს, წიგნის წინასიტყვაობაში „ტრამალის მგლის“ გამომცემლის ცალკეული მინიშნებითა და გამონათქვამებით უკვე შემზადებულია იმისთვის, რომ „შეშლილობა“ პირდაპირი მნიშვნელობით კი არ გაიგოს, არამედ გარკვეული პოზიტიური აზრი ჩადოს ამ ცნებაში. იგი იმთავითვე გრძნობს, რომ „შეშლილობა“ მხოლოდ პათოლოგიური ფენომენის აღმნიშვნელი ცნება კი არ არის, არამედ გარკვეულად უპირისპირდება ბიურგერულ ჯანმრთელობას, თვითკმაყოფილებას, წესრიგს, რაციონალიზმს და პრაგმატიზმს ( „შეშლილობა“ და „სიგიჟე“ იმთავითვე, ჯერ კიდევ შესავალშია დაკავშირებული მთელი წიგნის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოსთან − ტრამალის მგლის ხატთან).  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „შეშლილობა“ გულისხმობს ისეთი არსებობის ფორმას, რომელიც ბიურგერული საზოგადოების საზღვარზე ვითარდება და რომელსაც თვით ჩანაწერების ავტორიც იზიარებს. ტრამალის მგლის შესახებ დაწერილ „ტრაქტატსაც“, რამდენადაც იგი ჰარი ჰალერისთვისაა განკუთვნილი და მის ჩანაწერებშია ჩართული, წამძღვარებული აქვს იგივე წარწერა − „მხოლოდ შეშლილთათვის“ (ხოლო „მაგიურ თეატრში“ შესვლა, ესე იგი სულის „მაგიურ სინამდვილეში“ შეღწევა, მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც „გონებას“ შეელევა). მაგრამ აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ წამძღვარებული წარწერების თანახმად „შეშლილი მკითხველისთვის“ განკუთვნილი „ჩანაწერები“ ეძღვნება ყოვლად ნორმალურ და ჯანმრთელ ბიურგერს, ამ  „ჩანაწერების“ მომავალ გამომცემელს. სწორედ ეს გამომცემელი, როგორც ვიცით , „ჩანაწერების“ პირველი მკითხველია, რომელიც რეალური მკითხველის მიმართ „ჩანაწერების“ რეცეფციის თვალსაზრისით ერთგვარი მედიუმის როლს ასრულებს. სავარაუდოა, რომ გამომცემლისთვის (რომელიც ყოვლად ნორმალური ბიურგერია და არა „შეშლილი“) მისი კარის მეზობლის უცნაური და ახირებული თხზულება მაინც ბოლომდე გაუგებარი და უცხო დარჩა (ამას იგი, სხვათა შორის, თვითონვე აღიარებს, როდესაც შენიშნავს, ასეთ ჩანაწერებს უყოყმანოდ გადავყრიდი, შემთხვევით რომ, ჩამვარდნოდა ხელშიო). მაგრამ სხვა ჯანმრთელ და ნორმალურ ადამიანებთან მას ერთი უპირატესობა აქვს, რამაც განაპირობა ის, რომ გამომცემელი მომზადებული აღმოჩნდა იმ რთული პრობლემატიკის აღსაქმელად, რომელსაც „ჩანაწერები“ შეიცავდნენ. ამრიგად გამომცემლის პერსონაჟისა და „წინასიტყვაობის“ უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ცხადყონ, თუ როგორი უნდა იყოს რეალური მკითხველის იდეალური მიდგომა და როგორ უნდა აღიქვას მან შესაბამისი ტექსტი. თუკი რეალურ მკითხველს სურს სწორად გაიგოს ნაწარმოები, მან უნდა მისდიოს წინასიტყვაობაში მოცემულ სახელმძღვანელო მითითებებს. ამიერიდან იგი უნდა შეეცადოს ჰალერის „ჩანაწერები“ აღიქვას არა როგორც ერთი ნევრასთენიკის ავადმყოფობის ისტორია, არა როგორც „ერთი საცოდავი სულით ავადმყოფის პათოლოგიური ფანტაზიები“, არამედ ამ „ჩანაწერებში“  „დროის დოკუმენტი“ უნდა დაინახოს, იგი უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ცდა, დროის ძირითადი სენი თავად აქციო გამოსახვის ობიექტად ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვისა და შელამაზების გარეშე.

ანიელა ჯაფე ყურადღებას ამახვილებს იმ მომენტზე, რომ „ტრამალის მგელზე“ მუშაობის პერიოდში ჰესე ფსიქოანალიტიკურ კურსს გადიოდა: „Noch während der Niederschrift des Steppenwolf war er in psychoanalytischer Behandlung. Entschprechend lässt sich die seelische Problematik Hallers als moderne Neurose deuten, als Zustand des uneigenes mit sich selbst, verursacht durch den Gegensatz von Triebbedürfnissen und den Anforderungen der Kultur, Von infanttiler Unwilligkeit und dem Anpassungswillen, von Kollektiven und individuellen Pflichten“ (19, 233).

ჯერ კიდევ 1917 წელს წერდა ჰესე: „მეოცნებე კაცს ბიურგერები ჭკუიდან შეშლილს ადარებენ ხოლმე, რადგან სჯერათ თავის გუმანის და იციან რომ თვითონ უმალ გაგიჟდებიან, როგორც კი ხელოვანის, ფილოსოფოსისა და მორწმუნე კაცის დარად შეეცდებიან თვალი გაუსწორონ თავის შიდა სამყაროს უძირო წიაღს. ამ წიაღს გინა სული დაუძახე, გინა არაცნობიერი, ან კიდევ სხვა სახელი. ასე თქვი თუ ისე, იქ იღებს დასაბამს ყოველი ჩვენი გულისწადილი. ბიურგერს კი საკუთარ თავსა და სულს შორის ყარაული, ცნობიერება, მორალი და უშიშროების ინსტანცია დაუყენებია და არაფრისა არა სწამს, რაც სულის წიაღიდან მომდინარეობს, ვიდრე იმ წიაღიდან მომდინარეობს, ვიდრე იმ შუალედურ ინსტანციას არა გაივლის და იქ სათანადო ბეჭედით არ იქნება დადასტურებული“ (6,152).

„ბიურგერობა“- ადამიანური არსის ეს განუყოფელი თვისება სხვა არა არის რა, თუ არ მუდმივი მეცადინეობა დაიცვას წონასწორობა, დაიმკვიდროს შუალედური ყოფა ამქვეყნიურ უკიდურესობებსა და დაპირისპირებულობათა შორის“ ‒ წერს ჰესე „ტრამალის მგელში“  (6, 176).

„მაღალნიჭიერი და სათუთი გრძნობებით დაჯილდოებულ“ ადამიანს, „ტრამალის მგელს“, ჰარი ჰალერს არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ-სოციალური „ნიღბის“ მიერ შემოთავაზებული ერთგანზომილებიანი პიროვნულობა და ის საკუთარი სულის იმ ყოვლისმომცველი მთლიანობისკენ ისწრაფვის, რომელსაც რომანში „უკვდავნი“ განასახიერებენ. მაგრამ ჰალერი განკაცების გზის დასაწყისშია მხოლოდ. იგი ჯერ კიდევ საკმარისად არ „შეშლილა“, საბოლოოდ ვერ შეელია თავის „მე“-ს. სწორედ ამ „მე“-სგან თანდათანობით გამონთავისუფლებისა და საკუთარი სულის მრავალსახოვანების აღიარების ამბავს მოგვითხრობს მისი „ჩანაწერები“. ჰარი ჰალერის პრობლემა ისაა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთიანად უგულებელყოფდა საკუთარი ბუნების გრძნობად მხარეს, ჩქმალავდა და გულმოდგინედ ფარავდა ყოველივე ბნელსა და ველურს თავის თავში, თავს იტყუებდა, რაკი სიკეთისა და სიწმინდის სამსახურში ვდგავარ, ამიტომ ჩემში არაფერი ავი და მოუთვინიერებელი არ უნდა იყოსო. იგი ძალას არ იშურებდა, რათა ცოდნა დაეგროვებინა, გაეწვრთნა თავისი გონი, მოსწყდომოდა დედამიწას და ღვთაებრივს ზიარებოდა, მაგრამ ერთხელაც ვერ გამონახა დრო, ისეთი უბრალო რამ შეესწავლა, როგორიც გულიანი სიცილი და დროსტარებაა.

ამიტომაა, რომ მას მეტად განვითარებული ჰქონდა სულიერი საწყისი, ხოლო ცხოვრებისეულ წვრილმანებში ერთობ გაუწაფავი და უსური იყო. იგი ზედმიწევნით ერკვეოდა აღმოსავლურ მითოლოგიასა და შუა საუკუნეების კულტურაში, მის ყურს არ გამოეპარებოდა არც ერთი წვრილმანი ამა თუ იმ მუსიკალური ნაწარმოების შესრულებაში, მაგრამ ის სრულიად უმწეო იყო, როცა საჭირო იყო, მაგალთად, ქათინაური ეთქვა მომხიბლავი ქალისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰალერიც, სხვა ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანისა არ იყოს თავს „ ნიღაბთან“ აიგივებდა, იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ თუ იმ ადამიანთა „ნიღაბი“ გარე სამყაროს მოთხოვნათა თარგზე იყო გამოჭრილი, ტრამალის მგელს იგი თავისივე ოცნებისა და ამაღლებული სწრაფვა- სურვილის მიხედვით შეექმნა.

შემდეგ კი „ტრამალის მგელში“ რომანის გმირი, ცხოვრებით დაღლილი და მის გარემომცველ სინამდვილეზე გულგატეხილი ინტელიგენტი ჰარი ჰაერი „მაგიურ თეატრში“ მოხვდება. ეს „მაგიური თეატრი“ სხვა არაფერია თუ არა ჯადოსნური სარკე, სადაც გმირის სულის სამყარო აირეკლება. საკუთარ არაცნობიერთან შეხვედრის მიზანია, ჰარი ჰალერს პიროვნების გარეგნული გამოვლინების პირობითობა და არამყარობა დაანახოს და იგი გადამწყვეტი ფერისცვალებისთვის შეამზადოს. ამიტომაა, რომ  „მაგიურ თეატრში“ შესვლისას ჰარი ჰალერს შემდეგი სიტყვებით მიმართავენ: „აბა, კარგ გუნებაზე დადექით. ამ დაწესებულების მიზანია, კარგ გუნებაზე დაგაყენოთ და სიცილი გასწავლოთ…. თქვენ აქ იუმორის სკოლაში ხართ, სიცილი უნდა ისწავლოთ, ყველაზე უმაღლესი იუმორი კი მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი თავის პიროვნებას სერიოზულად აღარ ეკიდება“ (6,305).

ამრიგად, ჰალერის ამოცანააა, გაარღვიოს საკუთარი პიროვნების მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდე და თავისივე შიდა სამყაროს მრავალსახიერება ცნოს. მან უნდა მის უფლებებში აღადგინოს საკუთარი ბუნების ის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში ასე მონდომებით ჩქმალავდა  და თრგუნავდა, რათა ამ გზაზე, ვინ იცის, ერთხელაც პიროვნების ჭეშმარიტ მთლიანობას მიაღწიოს, რომელიც განკაცების იდეალური მიზანია.

იუმორი ჰარი ჰალერს უკანასკნელი ფერისცვლაებისთვის ამზადებს, ხოლო ეს ფერისცვლაება უკვე იმ იდუმალ სფეროს განეკუთვნება, რომელიც ისიდას საბურველით არის დაფარული და სიტყვით და ხატით არ გამოითქმის.  ნოვალისთან ერთი ყმაწვილი მოახერხებს საისელი ღვთაების საბურველის ახდას და იქ, სადაც სამყაროს გამოცანა და წმინდათაწმინდა ეგულვოდა, თავის თავს აღმოაჩენს. ჰესეს ნაწარმოებშიც სულის განვითარება შინ დაბრუნების ნიშნით ხდება  და ისევ საკუთარ თავთან მიჰყავს თავისი არსისგან ლტოლვილი და გაუცხოებული ადამიანი. მაგრამ ეს „საკუთარი თავი“, ეს მე, რასაც თავგადასავალით აღსავსე მეტამორფოზის დასასრულს უბრუნდება სული, არის, რა თქმა უნდა, არა ადამიანის პიროვნული, მე, არა „ პერსონა“, არა ის, რადაც იგი ჩანს რეალურ ცხოვრებაში, არამედ მისი არსების სამყაროს ერთიანობასთან წილნაყარი ნაწილი, მისი ზედნარი მე. 1920 წლის ერთ-ერთ წერილში ჰესე აღნიშნავდა:

 „ის მე, რომელსაც მაძიებელი ადამიანი გულისხმობს და აგერ უკვე მესამე ათასწლეულია მთელი არაევროპული აზროვნება და თავად ევროპული მეცნიერებაც იკვლევს, ეს მე არის არა ცალკეული ადამიანი, როგორც იგი შეიგრძნობს და აღიქვამს საკუთარ თავს, არამედ ყოველი ადამიანის სულის ყველაზე შინაგანი და ყველაზე არსებით მარცვალი, რასაც ინდოელი ატმანს უწოდებს და რაც ღვთაებრივი და მარადიული გახლავთ. ის, ვინც მიაგნებს ამ მეს, ბუდას, ვედების, ლაოძის თუ ქრისტეს გზით, იგი თავისი შინაგანი არსით დაკავშირებული იქნება სამყაროსთან, ღმერთთან და მისი მოქმედებაც ყოველთვის ღვთაებრივთან შეთანხმებული მოქმედება იქნება“ (13, 445).

ჰერმან ჰესეს პროზის ერთ-ერთი საყურადღებო თავისებურება ისაა, რომ თითქმის ყველა მისი დიდი ნაწარმოები, არსებითად წარმოადგენს „სულის ბიოგრაფიას“ (Seelenbiographie) და მიზნად ისახავს შინაგანი ფსიქიკური პროცესების, ანუ იმ სინამდვილის ეპიკურ გამოსახვას, რომელსაც მწერალი სოციალურ-ემპირიული რეალობის საპირისპიროდ „მაგიურ სინამდვილეს“ უწოდებდა. ჰესეს შემოქმედების ამ საერთო მიზანდასახულობის შესაბამისად, „ტრამალის მგლის“ ფიქტიური გამომცემელიც ჰარი ჰალერის ჩანაწერებს ახასიათებს როგორც „ღრმად განცდილი სულიერი პროცესების ხილვადი ფორმით გადმოცემის ცდას“:

„ჰალერის ჩანაწერების კითხვისას ხშირად მახსენდებოდა მისი სიტყვები. იგი სწორედ ის ადამიანია, ორ დროებას შორის რომ მოექცა, დაკარგა თავდაცვის უნარი და უცოდველობის გრძნობა. იგი ერთი მათგანია, ვისაც წილად ხვდა პირად ტანჯვად, ჯოჯოხეთად შეეგრძნო ადამიანის მოდგმის მთელი უნიათობა“ (6,168).

            მაშასადამე, ჩვენც არ შევცდებით, თუ ჰესეს რომანს განვიხილავთ გარკვეულ სულიერ სივრცედ, სადაც ცალკეული პერსონაჟები დამოუკიდებელი პერსონაჟები კი არ იქნებიან, არამედ „უმაღლესი ერთიანობის“, ანუ თვით ავტორის სულის სხვადასხვა მხარისა და ასპექტის განსახიერებანი.

დასკვნა

ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგლის“ ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ, ერთგვარი გაგებით ნაწარმოები მწერლის აღსარებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ნაწარმოების მთავარი გმირი ბევრი თვისებით ავტორს ჩამოჰგავს, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვენი ეპოქის ადამიანის კრებსითი სახეა. მწერლის გადმოსახედიდან ჰალერი ბიურგერული სამყაროს შვილია, შინაგანად ჩუმად ნატრობს კიდეც იგი ამ სამყაროს ჩვეულ წესრიგს, მაგრამ არაფრით არ შეუძლია, შეეგუოს მის ირგვლივ გამეფებულ სიცრუეს. ჰესსე მას მარტოხელა მხეცს „ტრამალის მგელს“ უწოდებს, რომლისთვისაც მიუღებელია ჯოგის კანონები, რომლის მიხედვითაც ცხოვრობენ „ობივატელები“, ბიურგერები. მაგრამ გმირი „მგელია“ სხვა გაგებითაც. ჰარი ჰალერს ამ „ტანჯვის გენიას“ ბრძოლა უხდება არა მარტო საზოგადოებასთან, არამდე საკუთარ თავთანაც ‒ „ადამიან-მხეცთან“, რომელიც ყოველი კაცის შიგნით ცხოვრობს და მხოლოდ ნელ ნელა უთმობს თავის პოზიციებს „ სულის ადამიანს“.

ნაწარმოების ანალიზი ცხადყოფს მწერლის მოქალაქეობრივ პოზიციასაც, რომლის თანახმადაც თანამედროვე ცხოვრება ავიწროებს ადამიანის სულს, ახდენს მის ნიველირებას (გათანაბრებას). ინდივიდუალობის დაკარგვა ასუსტებს ადამიანს და შიშს აღუძრავს ცხოვრების წინაშე, ამიტომ იგი იოლად ხდება ბრმა იარაღი ბოროტი ძალების ხელში. სახელმწიფო მოღვაწეები, მასწავლებლები, სასულიერო პირები, მეცნიერები ხელს უწყობენ ინდივიდუალიზმის ჩახშობას. სულის ადამიანების მაგივრად ჩნდებიან კარგი, ვიწრო სპეციალისტები,  „იარაღები“, თოჯინები.

 „ტრამალის მგლის“ სტილი დამახასიათებელია ჰესეს 30-40-იანი წლების შემოქმედებისთვის. მწერალი გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსის მოხერხებით ნაწილ-ნაწილ ჰყოფს არამარტო თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებას, არამედ ჰარი ჰალერის ყოფას, და შემდეგ ხელახლა ერთ მთლიანობად „აწყობს“ მას. ნაწარმოების ფინალში რომანის ფანტასტიკური, სიმბოლური და რეალური პლანი სავსებით ერწყმის ერთმანეთს. გოეთე, მოცარტი და სხვა „უკვდავნი“, რომლებიც „ადამიანის სულიერების სიმაღლეებიდან“  ჩამოსულან, თავიანთი სიხალისითა და მხიარულებით ჰალერს ცხოვრებას უბრუნებენ, სასოწარკვეთისგან იხსნიან მას და ადამიანებთან აგზავნიან.

ჰესსე უღრმესი პატივისცემით იყო აღსავსე XVIII საუკუნის გენიათა მიმართ. ისინი მისი აზრით, ამ უდიადესი საუკუნის ჭეშმარიტი შვილები იყვნენ.

„უკვდავთა ეპოქის“ უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი ჰესესთვის გოეთეა. იგი მწერლისთვის განასახირებს უაღრეს ადამიანურობას. მუსიკაში მწერლისათვის ასეთივე დიადი წარმომადგენელია მოცარტი. თანამედროვე ადამიანის შეგნებაში, ჰესეს აზრით, „უკვდავნი“ წმინდათა წმინდა სახსოვარი უნდა იყოს. ისინი უნდა ეხმარებოდნენ კაცს გაჭირვებაში, ტანჯვაში, რადგან თავად ამ მერყევ და არამყარ სამყაროში გვევლინებიან „სიმტკიცედ, შველად, შეხსენებად და ნიმუშად“.

„ტრამალის მგლის“ ფინალისთვის დიდი მნიშნვნელობა აქვს ჰესსეს იუმორის კონცეფციას. სწორედ იუმორმა (იუმორში ჰესსე გულისხმობს სიხარულს, სიხალისეს, სულის სინათლეს და ა.შ) უნდა იხსნას ტანჯული ინდივიდუალისტი, მან უნდა გაადებინოს ხიდი „იდეალიდან“ საძულველი ბიურგერული ყოველდღიურობისკენ, შეუმსუბუქოს სასოწარკვეთა, შეუნარჩუნოს გონება (კაცი რომ არ შეიშალოს რეალობის სიმძიმისკენ) და რწმენა.

ჰესსესათვის დამახასიათებელია ორი გმირის, ორი სახის დაპირისპირება ნაწარმოებში, მაგრამ ისინი კი არ უარყოფენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს. ეს ორი ვარიაციაა, ერთი პიროვნების ორი მოდელი, რომლებიც სხვადასხვა გზით მიდიან იდეალისკენ. ისინი ყოფის ორი მხარეა, ორი პოლუსი: სული და ბუნება, გონება და ინტუიცია, ბნელი და ნათელი. ამასთან ერთად, მწერლის აზრით, ისინი განასახიერებენ ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან დამოკიდებულების ორ შესაძლო პოზიციას: მისგან გაქცევას და მის წიაღში მოღვაწეობის შესაძლებლობას (მაგ, ჰარი ჰალერი და მისი ანტაგონისტი ჯაზმენი პაბლო).

პრაქტიკული ცხოვრება თუ სულიერება? – აი პრობლემის ორი მხარე, რომლის გადაჭრა ჰესსესთვის უმთავრესია. იგი კარგად გრძნობდა ორივე პოზიციის შეზღუდულობას ბურჟუაზიული საზოგადოების ჩარჩოებში, მაგრამ ვერასოდეს შეძლო მისი საზღვრების გარღვევა. ამიტომ, ჰესსე მივიდა დასკვნამდე: უნდა მივიღოთ სამყარო, როგორც ამ ორი საწყისის: ბნელისა და ნათელის, კეთილისა და ბოროტის მუდმივი ორთაბრძოლა, განვამტკიცოთ მამაცური რწმენა, რწმენა განსაკუთრებული და არა რელიგიური, რწმენა უკეთესის, ნათელის, ადამიანის სულში სულიერების გამარჯვებისა.

იმისათვის, რომ განკაცდეს, ჰერმან ჰესეს აზრით, ადამიანმა პირველ რიგში, უნდა გადალახოს ის ზღუდე, რომელიც თვითონვე შექმნა „ნიღბის“ სახით და თვალი უნდა გაუსწოროს თავისივე შინაგან ხატს. მან უარი უნდა თქვას ჯოგური ცხოვრებით მინიჭებულ უპირატესობაზე და განკერძოების გზას უნდა დაადგეს, რადგან მხოლოდ ამ გზაზე მიიღწევა პიროვნების ის სისავსე და განუმეორებლობა, რომელსაც არაფერი აღარა აქვს საერთო ბრბოსა და მასის ერთ თარგზე გამოჭრილ პიროვნულობასთან.

                                            გამოყენებული ლიტერატურა

  1. ყარალაშვილი, რეზო: „შეშლილობის“ აპოლოგია. წინასიტყვაობა წიგნში: ჰერმან ჰესე ‒ „დამსვენებელი“, „ტრამალის მგელი“. გამომც. „მერანი“, თბილისი 1985.
  2. ყარალაშვილი, რეზო: ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები. თბილისის უნივერსტეტის გამომცემლობა, თბილისი 1980.
  3. ყარალაშვილი, რეზო: ჰერმან ჰესე და გოეთე. „განთიადი“, N4, თბილისი 1977.
  4. ყარალაშვილი, რეზო: აღსარებითი პროზის ტრადიცია და თანამედროვე „ცენტრისკენული“ რომანი. წიგნში: დასავლეთევროპული ლიტერატურა (XX საუკუნე). ლიტერატურის თეორია. პოეტიკა. ურთიერთობები. თბილისის უნივერსტეტის გამომცემლობა, თბილისი 1988.
  5. შიშინაშვილი, ირინე: ჰერმან ჰესე. წიგნში: XX საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის ისტორია. აკაკი წერეთლის სახ. უნივერსტეტის გამომცემლობა, ქუთაისი 2011.
  6. ჰესე, ჰერმან: „დამსვენებელი“, „ტრამალის მგელი“. გამომც. „მერანი“, თბილისი 1985.
  7. Carlson, Anni: Zur Geschichte der Steppenwolfsymbole. In: Materialien zu Hermann Hesses „ Der Steppenwolf“. Frankfurt am Main 1972.
  8. Fritz Bottger, Hermann Hesse. Leben – Werk – Zeit, Verlag der Nation, Berlin 1990.
  9. Goethe, Johan, Wolfgang: Artemis-Gedankausgabe der Werke, Briefe                                             und Gespräche. Band 17.28 August, Verlag Artemis, Zürrich 1949.
  10. Hafner, Gotthilf: Hermann Hesse, Werk und Leben. In: Hermann-Hesse-Jahrbuch. Band 2, Max Niemeyer Verlag, Tubingen 2005.
  11. Herforth, Maria-Felicitas: Erläuterungen und Materialien, Band 138: Hermann Hesse: Demian – Siddhartha – Der Steppenwolf. Bange Verlag, Hollfeld 2000.
  12. Hesse, Hermann: Gesammelte Briefe. Suhrkamp Verlag. Band I, Frankfurt am Main 1973.
  13. Hesse, Hermann: Gesammelte Werke in zwölf Bänden, Band VI, Suhrkamp Verlag. Frankfurt am Main 1970.
  14. Hesse, Hermann: Gesammelte Werke in zwölf Bänden. Band VII, Suhrkam Verlag. Frankfurt am Main 1970.
  15. Huber, Peter: Hermann Hesse und das Theater. Vorwort. Copyright Verlag Dr. Johannes Konigshausen & Thomas Neumann, Würzburg 1991.
  16. Huber, Peter: Der Steppenwolf. Interpretationen. Hermann Hesse Romane. Philipp Reclam jun. Gmbh & Co., Stutgart 1994.
  17. Interpretationen. Hermann Hesse Romane. Philipp Reclam jun. GmbH & Co., Stutgart 1994.
  18. Interpretationen Romane des 20. Jahrhunderts, Band 1, Philipp Reclam jun. GmbH & Co., Stuttgart 1993.
  19. Jaffe, Aniela: C. G. Jung, Bild und Wort, Olten 1983.
  20. Pfeifer, Martin: Hesse-Kommentar zu sämtlichen Werken. Winkler Verlag, Munchen 1980.
  21. Ponzi, Mauro: Der Wald und die Steppe. Srteifzüge durch die Fiktion Hermann Hesses. In: Hermann-Hesse-Jahrbuch. Band 2, Max Niemeyer Verlag, Tubingen  2005.
  22. Schwarz, Egon: Hermann Hesse: Der Steppenwolf. In: Interpretationen. Romane des 20. Jahrhunderts, Band 1, Philipp Reclam jun. GmbH & Co., Stutgart 1993.
  23. Unseld, Siegfried: Hermann Hesse. Werk und Wirkungsgeschichte. Suhrkamp Verlag, Frankfurt am Main 1985.
  24. Volker, Michaels (Hg): Materialien zu Hermann Hesse „Der Steppenwolf”. Suhrkamp Verlag, Frankfurt am Main 1972.
  25. Wehdeking, Volker: Hermann Hesse, Carl Gustav Jung und Thomas Mann. Die intertextuellen Bezüge in der Erzählprosa des späteren Werks. In: Hermann- Hesse-Jahrbuch. Band 2, Max Niemeyer Verlag, Tubingen 2005.
  26. Лосев, А.Ф.: Проблема символа и реалистическое искуства. Москва 1976.

ჩემი თარგმანი გერმანელი ავტორის ვილჰელმ ბუშის წიგნიდან “სისულელე და სიჭკვიანე”მესამე ოინი

სოფელში ყველა იცნობს კაცს

რომელსაც ჰქვია ბოკი.

საშინაო კოსტუმი, საგარეო კოსტუმი

წვეტიანი ფრაკი, გრძელი შავი შარვალით,

მყუდრო მოხერხებული გემრიელი ჩანთით.

თბილი პალტო  გამაშებით

ყველა მისი დეტალებით.

დიახ იცის მან მკერავმა

საკერებელის დადება,

შეჭრა, შემოჭრ, შემოკერვა,

ოსტატურად შემოკემსვა,

ამიტომაც არის

დიდი ოსტატი ბოკი

ეს არის მისი ცხოვრების

ყველაზე მთავარი მიზანი.

ყველას მოსწონს მასთან ყოფნა

ლაპარაკი, საუბრობა.

მაგრამ ამ ყველაში

სულაც არ გულისხმობენ

ორს რომელთაც ჰქვიათ

მაქსი და მორითცი .

ისინი მხოლოდ  ფიქრობენ?

ხოლო რასაც ფიქრობენ

გამოჩნდება სწორედ  ეხლა!

სახლის წინ მდინარე არის

ცივი და ხმაურიანი

მდინარეზე ბილიკი არის

თხელი და ფიცრულიანი.

მაქსი და მორითცი აქ არიან

საიდუმლო ხერხით

წკი-წკიპ, წკაპ- წკაპ

ბილიკს ხერხავენ

ნაკუწებად  ხის.

როგორც კი ხერხვას დაამთავრებენ

ვეღარავინ გაივლის .

უეცრად ისმის

ბატონი ბოკის ხმა

ჰეი, თქვენ ორნი

რას აკეთებთ მანდ?

ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა

მოისმის პასუხად .

ყველაფრის ატანას  შეძლებს

ოსტატი ბოკი

გარდა  ასეთი პასუხისა

სწორედ ამიტომაც

გადაახტა კარის ზღურბლს

მაგრამ  ელეთ მელეთი მისდის

როცა ესმის: ჰა, ჰა, ჰა, ჰა

ბრაზიანი, რისხვით სავსე

ის გადადის ეხლა ხიდზე

ბრახ , და ხიდი ტყდება

და ვარდება წყალში

კიდევ ჟღერს  ხმა : ჰა, ჰა, ჰა, ჰა

აი უკვე აღარ არის გზა

ვეღარ წახვალ ვეღარსად.

წყალში კი მოცურავს,

ორი წყვილი ბატი,

როცა ბატონი ოსტატი ბოკი

ფერ ნირ წამხდარი არის.

დაძაბულს და დაკრუნჩხულს

ფეხებში მტკიცედ სჭიდებენ პირს

და ეხლა ორი ბატი, კვატატი

მიაქროლებენ მას დედა მიწაზე

სხვათა შორის, ამ ამბიდან უხეირო

არის ისევ ბატონი ბოკი.

ეხლა კი როცა ბოკს მუცელი სტკივა,

მუცელი არის თუ კუჭი,

აქვე არის დალოცვილი

ქალბატონი ბოკი.

ცხელზე ცხელი უთოთი,

მზრუნველობით ხუროსი

დაასვენებს მუცელზე

გახურებულ უთოსი.

მისი შესანიშნავი

ღვაწლმოსილი შრომით

მალე სოფელის აღმა, დაღმა

ყველა ამბობს,  ყველა ყვირის

ბოკი ისევ ცოცხალია, მხიარული და მხნე.

ეს იყო მესამე ოინი

და დიახ მას კვლავ მოჰყვება მომდევნო,

ჩემი თარგმანი გერმანელი ავტორის ვილჰელმ ბუშის წიგნიდან “სისულელე და სიჭკვიანე” მეორე ოინი.

ქვრივმა  ბოლთმა

მწუხარება გაიქარვა,

იფიქრა,  ეგებ უკეთესიც  იყოს,

მისი ქათმები

ქვემოთ გაუნძრევლად ეწყოს.

დილით, ადრე

მშვიდად, წყნარად

მოემზადა მათ შესაწვავად .

რა თქმა უნდა იყო, მწუხარება  დიდი

როცა სასოწარკვეთილი

სევდით სავსე იყო,

მაგრამ ახლა იგი,  კვლავ დაანთებს ბუხარს,

და ისეთ ცეცხლს დააგუგუნებს,

მშვენიერი დილა გათენდეს მისას  .

მალე სახლში, მალე გარეთ,

კვლავ ცხოვრების სიამეში…

მაგრამ ჰოი, სასაწაული

ქალბატონ ბოლთს ისევ

ისევ, ისევ, ისევ

რომ ერევა ცრემლი,

კიდევ კარგი გვერდითა  ჰყავს

პაწაწინა ლეკვი.

სწორედ ამ დროს სახურავზე

ხდება რაღაც ამბავი

მსუნაგობით სავსენი,

მაქსი და მორითცი

საკვამურიდან ამომავალს

ისუნთქავენ სურნელს,

ბუყბუყებენ  მუცლები,

კუნტრუშებენ კუჭები,

როცა იბრაწებიან

ქონიანი დედლები.

სწორედ ეხლა მიდის ქვრივი შეშის მოსატანად.

სახურავზე კი მაქსმა მოიმარჯვა ანკესი.

შნუპი, დუპი, დუპ,

უკვე ამოიყვანა ერთი ცალი ქათამი….

შნუპი, დუპი, დუპ, ეხლა უკვე მეორე

შნუპი, დუპი, დუპ , ჰოი უკვე მესამე

შნუპი, დუპი, დუპ, აი უკვე მეოთხეც.

ქალბატონო ქვრივო , ჩვენ გვაქვს შენი ქათმები !

ლეკვი დაბლიდან უყეფს: აუ, აუ, ავ, ავ,ავ ,

მაგრამ მაქსი და მორითცი

შორს არიან სახურავიდან სხვაგან .

აი უკვე წარმოდგენაც გვაქვს,

როცა ქალბატონი ბოლთი

სარდაფიდან ამოსული გვყავს

ის უეცრად დგება კართან და უყურებს ტაფას.

ყველა მისი ქათამი,

გამქრალი რომ ჩანს

საზიზღარო  საფრთხობელავ

დამაცადე,  მოვალ შენთან!

ხმამაღალი მოთქმით , დიდი, მძიმე ჩამჩით

მისდევს ის პატარა, ციცქნა ლეკვს.

მაგრამ ჰოი საოცრებავ, განა ხვდება მტარვალი

დანაშაულს  მისას?

მაქსი და მორითცი კი

უსაფრთხოდ და მშვიდად

გაბერილი მუცლებით

ბუჩქის ძირას წვანან,

გემრიელი ხვრინვით

აყრუებენ დაბას.

კარგად შეხედეთ ხომ

არ ხედავთ სადმე ახლოს

ერთ ფენცქვ ძვალს?

ეს იყო ოინი მეორე,

მას მოჰყვება მესამე.

ჩემი თარგმანი გერმანელი ავტორის ვილჰელმ ბუშის წიგნიდან “სისულელე და სიჭკვიანე”

წინასიტყვაობა

ოჰ, რა უნდა მოისმინო ან ისწავლო

ისეთი ონავარი ბავშვებისგან

როგორებიც მაქსი და მორითცი არიან

 როცა სიბრძნის შემეცნების

და კარგი ქცევის ნაცვლად

 სიცილ-კისკის ხარხარით

საიდუმლო ონავრობით ერთობიან.

 მავნებლური ქცევებისთვის

 დიახ, ისინი ყოველთვის მზად არიან.

ადამიანები ბრაზდებიან,  ცხოველები იტანჯებიან

ვაშლები, მსხლები, და ქლიავები, კი ქრებიან.

 რა თქმა უნდა ცხადია,

 ეს ბევრად უფრო სასიამოვნო არის,

ვიდრე სკოლის მერხზე

სიბეჯითით მოთმინებით ჯდომა.

მაგრამ ჰოი, ტკივილო და მწუხარებავ,

როცა მე ამ ამბის დასასრულს ვხედავ!

ეს ძალიან ცუდი გზაა

რითაც მაქსი და მორითცი მიდიან.

მაგრამ სწორედ ამის გამო

 ვცდილობ რომ როგორმე

შევაფერადო ეს ჩანაწერები .

პირველი ოინი :

ზოგიერთის შრომა და  წვალება

 არის ფრიად მძიმე და დამქანცველი,

მაგალითად, შინაური ფრინველების,

თუმცა ერთის მხრივ :კვერცხის დების,

მეორეს მხრივ:  ტაფამწვარის

მესამე მხრივ: მათ ბუმბულის ბალიშების გამო

საკმარისი არის, რომ ადამიანს

უსაქმურად  არ ეძინოს.

შეხედეთ, აი აქ არის ქვრივი ბოლთი

რომელსაც უნდოდა რომ

ბევრი ქათამი ჰყოლოდა

რათქმაუნდა აგრეთვე აქვე ამაყი მამლით,

მაგრამ მაქსი და მორითცი

მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობენ ;

როგორ იცელქონ და იმაღვალაკონ აქ.

 ერთი, ორი, სამი

სწრაფად, მარდად ცქვიტად

ისინი მთელ პურს

ოთხ ნაწილად ჭრიან

 პატარ- ატარა  ნაჭრებს

ერთი ძაფით კრავენ

და აღფრთოვანებულები

ამას კარგი ქალის ეზოში დებენ.

ოჰ, როგორც იქნა დაინახა

ეს შეკვრა ერთმა ქათამმა

და დაიწყო, კრიახი,

კრიახ, კრიახ, კრიახი

 ყიყლიყოოო, ყიყლიყოო,

ყივის ის გულამომჯდარი.

ტაკ, ტაკ ,- აქ მოდიან დედლები ,

მათი თანმხლები მამალით

და ხალისიანად ყლაპავენ

ყოველ ერთ ნაჭერს ჩიჩახვში.

მაგრამ, სანამ ისინი აზრზე მოვლენ

აღარცერთს აღარ შეუძლია.

აქეთ- იქეთ სეირნობა

ფარფატი და ნავარდობა.

ეჰე ჰერი, ჰერი, ჰერი

მაღლა, მაღლა სიმაღლისკენ

გამომშრალი კისრებით,

სხდებიან ხის ტოტზე ჩამოკიდებულები.

მათი კისრები, უფრო და უფრო გრძელია.

მათი სიმღერა, უფრო და უფრო შეშინებული,

ჯერ ერთი კვერცხიც კი არ დადებულა

რომ  სიკვდილი მოახლოებული არის.

ქვრივი ბოლტი  ოთახში წევს

და ძილში ესმის ეს წუხილი

და აჰა, ცუდი წინათგრძნობით სავსე

 მიაბიჯებს ის ეზოში,

ოჰ,  ეს რა საშინელება არის .

თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდის..

 როცა ყველა მისი იმედები, და

 ცხოვრების ოცნებები

 ვაშლის ხეზე ჩამოკიდებული არის!

მოწყენილი და მწუხარე,

იღებს ის ხელთ დანას,

სევდიანი მზერით სავსე

ხსნის მკვდარ ქათმებს ხიდან

და სახლში უკან  ბრუნდება.

პ. ს ეს იყო პირველი ოინი

დაუყოვნებლივ მოყვება მეორე.