წიგნებზედ

ტომ!
პასუხი არ არის!
სად დაიკარგა ეს ბიჭი?! – კითხულობს დედა, როცა ჩვენს პატარა- მრავალსართულიან, მაღალსართულიან, კვადრატული შენობების სამზარეულოში შუქი ხან მიდის, ხან მოდის, ხან რჩება, ხან ქრება, ხან კიდევ მოელვარე თვალებად, მფეთქავ გულებად, მღერალ სულებად აღმდგარი ვაშააა… ურაააა…..- ს ძახილით ახმოვანებული, შორეული სამყაროს გამოგზავნილ ნიშნად იწყებს ლივლივს.
ზაფხულის პაპანაქება სიცხე დგება, მდინარე ავდარში აზვირთებულ- გაყვითლებული, გაავებული ტალღებით ხეებზე ჩამომტვრეულ, ჩამოტეხილ, ჩამორეკილ ტოტებს და ერთიანად წამოდებულ მსხვილ შეშებს ნაფოტებივით მოათამაშებს. რომლებსაც სადღაც-სადღაც წამოდებულს ჩვენ ვიჭერთ, მაშინ, როდესაც მდინარე უკვე დამცხრალია. სახლში მიგვაქვს და ზაფხულის ხვატსა და სიცხეში დაგუგუნებულ ბუხარში ბებია საჭმელს გააკეთებს, რომლიდანაც მე ჩვენ სამისთვის განკუთვნილ ჯამებიდან ერთ-ერთზე სულგრძელ მოსაყდრეობით კიდევ ერთ ულუფას დავიმატებ. და თან უზარმაზარი, ცას მოყვავილე მთების შემყურე დიდი ფეხების ტერფებზე ვიოცნებებ, რომლითაც შევძლებ ავიდე, გადავიდე, მთების მიღმა და გავიგო რა ხდება იქ, იმ სამყაროში, სადაც მე არა ვარ.
ტომ, რამ მოგაწონა ეგ უფერული, ეგ უგემური, ეგ მოსაწყენი გოგო- ვეჭვიანობ მე, როცა საგანგებოდ წიგნის კითხვისთვის განკუთვნილ, გამოკვეთილ ვაშლის ხის ტახტრევანში- რომელზეც დასწრებობია გვაქვს- ვაშლს მივირთმევ. ხელს რომ გაიწვდენ და შენს განკარგულებაშია, ვაშლი წიგნით, წიგნი ვაშლით, ვაშლი ყველით, წიგნი ყველით, მწიფე, ვარდისფერი, მკვახე, მოყვითალო მჟავე…..და ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ტომს ბეკი მოსწონდეს, როცა მე აქ ვარ, ან არ ვარ და იქ ვარ სადაც ის არის.
მარადიული ყოფის, უსასრულობის იმ მცირე მონაკვეთში, სადაც ჩვენ ჩვენს თავებს სინამდვილედ გაბნეულ და შემდეგ უკვე წარმოდგენებად აკრეფილ მარცვლებად ვხედავთ, ჩემს ზაფხულებს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რამდენი წიგნი წავიკითხე. ეს გარკვეულწილად შეფასებაა, შეჯამებააა, ნუგეშის ცემა, იმ შეგრძნობილი, თუ შეუგრძნობელი სიცოცხლის, ცხოვრების გამო, რომელიც მიჰქრის და საშუალებას, შესაძლებლობას, დროს არ გიტოვებს დაფიქრების და გააზრების.
და რადგანაც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკური განვითარებულობა უფრო მეტად აღამაღლებს, ალამაზებს, განანათლებს, აჰაეროვნებს, სახელს უთქვამს და ლეგენდებს უთხზავს ქვეყანას, ქვეყნის კულტურას, მის წარმოშობას- ჩემი საკითხავი ლიტერატურა ძირითადად და ყოველთვის, საქართველოსთან შედარებით უფრო მეტად დაწინაურებული ქვეყნების წიგნებით ივსებოდა და შედგებოდა. პატარა ადამიანების წარმოსახვები და გამოგონებები უმაღლესი ადამიანური ყოფის შესახებ. იქ, სადაც ქვეყნიერების მწვერვალზე ქალღმერთ- კაცღმერთები თავიანთი ცხოვრების ოქროსფერ დღეებს, ქიშპსა და ნერვიულობაში კი არ ატარებდნენ, არამედ მაწაკობების მოპრიანებაში- არაამქვეყნიური ქეიფით, ლხინით სამაკვარანცხოდ და დროის გასართობელად.
ყოველთვის, როდესაც საქმე მოვლენას, ან ხელოვნებას ეხება, ადამიანები განსაკუთრებული აღფრთოვანებით, აღტაცებით და აჟიოტაჟით იმ ერთ კონკრეტულ სცენაზე, მონაკვეთზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით გულიერად, სულიერად და გონებრივად ყველაზე მეტად იგრძნეს გაიაზრეს და გაითავისეს, ხოლო შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებით მათთ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ან არ, ან ვერ ჩაწვდომია ნაწარმოების/ მოვლენის მთავარ აზრს, არსს, სიღრმეს – დამაინტერესებელ, დამაინტრიგებელ წინასიტყვაობას უწერენ, თუ როგორ უნდა იცოცხლონ, იცხოვრონ, ისუნთქონ, იკითხონ.
ხოლო, თუ ავტორის შესახებ მისი ცნობადობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მათ შორის ისეთ ავტორზე, როგორიც უილიამ ფოლკნერია, მაშინ მისი სახელი და გვარი წიგნის გარეკანზე ისეთივე შთაბეჭდილებას მოახდენს, როგორც თვითონ წიგნის სათაური: „ გულის ჭიდილი საკუთარ თავთან“. ხოლო მწერლისთვის უცხოდ დიდებული, ამაყი გამოხედვის, ჯენტლმენის პორტრეტი, კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს მწერლის რაობაზე და ვინაობაზე. ხოლო თუ ასევე აღმოაჩენ, რომ მისი წინაპრები გენერლები ყოფილან, მაშინ მის დიდგვაროვნულ ბუნებას უპირობოდ აღიარებ. მის ნათქვამს, რომლითაც ის ყოველ ახალგაზრდას, ლაწირაკს, რეგვენს, მიმართავს: თუ ჩემს წიგნს სამჯერ წაკითხვით ვერ გაიგებთ, მეოთხეჯერაც წაიკითხეთო: ქვეშინაარსით: ანუ, თუ გეიგებთ ხო კაი და თუ არადა მაგ აბავი მე სულაც არ მაინტერესებსო! -სრული მოკრძალებით, მოწიწებით და თავმდაბლობით მიიღებ.
თუ არ ჩავთვლით „ ხმაურსა და მძვინვარებაში“ რამდენიმე ადგილს ა) როდესაც ბენჯის ყვირილზე პლანეტები თითქოს ერთმანეთს ეჯახებიან, ბ) მდინარეზე დიდი თევზის დასაჭერად მიმავალ პატარა ბიჭს გულზე დაბნეული ოქროსფერი პეპლები მიაცილებს,-
ნაწარმოებმა იმედგაცრუების და გაურკვევლობის შეგრძნება დამიტოვა. აბა როგორ შეიძლება დადებითი შთაბეჭდილება დაგრჩეს, როდესაც ნაწარმოების მთავარი გმირები: ბენჯი, ქვენტინი, ავტორი, დილზი ცხოვრების მდინარის მორევს სიცოცხლით თუ უსიცოცხლობით, სიკვდილით თუ უსიკვდილობით, ამბოხით თუ უამბოხობით, როგორც მკვდარი ხის ტოტები, მკვდარი თევზები ისე მიჰყვებიან. და მარტოობის სიცარიელეში სიყვარულის, სილამაზის, სიკეთის, მადლიერების გარეშე დარჩენილები ხელს არ ანძრევენ და არაფრის შეცვლას, გამოსწორებას, გაკეთილშობილებას, გაადამიანურებას არ ცდილობენ. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან და არც არიან, ხოლო სად არიან- არც თვითონ იციან, არც ავტორმა და არც მკითხველმა. რისი თქმა უნდა თვითონ მწერალს, როგორც ავტორს, როგორც ადამიანს, იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც აღარაფერი აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ეს უფერული, ნაცრისფერი სვლა განაგრძონ, როცა ნაწარმოებში გამეფებულ უიმედობის გრძნობას და განცდას ვერაფერი ვერ შველის.
თუმცა რადგანაც ჭეშმარიტი გზა გამარჯვებისკენ დამარცხებაზე გადის, მაშინ მწერალი ხარ, თუ ჯარისკაცი უნდა იბრძოლო! იბრძოლო, რათა დამარცხდე, ფოლკნერისთვის- როგორც გენერლისთვის ეს ნაწარმოები მისი საუკეთესო მარცხია, რადგან დამარცხებით კი დამარცხდა: ბოლომდე ვერ თქვა თავისი სათქმელი, მაგრამ საუკეთესოდ, სხვა ჭიაყელა ჯარისკაცი მწერლებივით ბოლომდე არ გამქრალა მარადიულობის უსასრულობაში.
რა დრო სჭირდება დაბადებას, წარმოშობას, აღმოცენებას? როცა წუთში 60 წამია, დღე- ღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე, საუკუნეში 100 წელი და ამის გარდა ათასწლეულები, მილიონ- მილიარდწლეულები? და რა არის ამ მოძრაობაში ხელოვანის, როგორც შემოქმედის მთავარი მიზანი, წვლილი, ამოცანა? საქმე?.. ეს არის კითხვა, რომელიც თვითეულ შემოქმედს აწუხებს, თუ მის მთავარ საქმედ შემოქმედებას, ქმნადობას მიიჩნევს. ფოლკნერისგან განსხვავებით, რომელიც მწერალს ქურდს, ხოლო მწერლობას ქურდობას ადარებს, დედა, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, ამ კითხვას საზოგადოების გამოღვიძების მოწადინეობით, მიწის დამუშავების მოღვაწეობით, ქორების აქშევის და წიწილების დაფრთიანების მომუშაკეობით, ღამის წყვდიადში ჩაფლულ სოფელში გამოცოცხლებული, გამოფხიზლებული სახლ- კარით პასუხობს და მისი საქციელით ადამიანებს ამ ქვეყნად ბრძოლის, არსებობის და გადარჩენის იმედს აძლევს.
თუ ამ სამყაროში, დედა -დედამიწაზე ცოცხალი არსებების ბედს შევნიშნავთ, და მათ მოქმედებებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ რომ მათ ყველას ერთი რამ აქვს საერთო: დასაწყისი- დაბადება, გაგრძელება- ზრდა, დასასრული- სიკვდილი. ამ მუდმივი წრებრუნვის პერიოდში თვითეული ჩვენგანი საკუთარი თავის და გარემოს პირობების მაქსიმალური გამოყენებისკენ, გაფართოებისკენ, გავრცელებისკენ მიისწრაფვის. მგლები ხროვას, ცხვრები ფარას, ცხენები ჯოგს, ხოლო ადამიანები ჯგუფებს, გუნდებს, დასახლებებს, რაიონებს, მხარეებს ქმნიან. ხოლო სიბეჯითის, სისასტიკის, შრომის, სიჭკვიანის, მოხერხებულობის, უნარიანობის, ბრძოლისუნარიანობის, პრაქტიკულობის შედეგად გამოვლინებულ ძალაუფლებით ცდილობენ საკუთარ თავში მოიცვან ყველა არსებული, თუ არ არსებული, ან უკვე აღარ არსებული მიწა ხმელეთი, მდინარე- ზღვები, კონტინენტ- კუნძულები, თავიანთი კულტურ- უკულტურობებით, სიმდიდრეებით და სიღარიბეებით, სიცოცხლეებით და სიკვდილებით. ხოლო თუ კი მიაღწევენ წარმატებას და ძლიერი, დამოუკიდებელი, მდიდარი ბაყ- ბაყ დევები გახდებიან, მაშინ თავისუფლების ჩაძნეყვით, ეროვნულობის ჩაქელვით- ჩაქოლვით, თვითმყოფადობის ჩახშობით- ჩაკვლით კითხვის ნიშანს დაუსვამენ ათასწლეულების მანძილზე სიმწრით, გაჭირვებით, ბრძოლით და შეუპოვრობით გამობრძმედილ დღემდე მოღწეული ქვეყნების ქვეყნობრიობას და არსებობას.
თუმცა და რადგანაც დროის გასვლის მიუხედავად განვითარებულობის კრიტერიუმები არა და არ იცვლება და მის მთავარ ძირითად გამოვლინებას მატერიალური დოვლათი განაპირობებს, ხოლო საუკუნეების და ზეგავლენების მიხედვით ხან გენერლების ( ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“) ხან კიდევ დისკო კლუბების სიმრავლით გაზომვა დაემატება, მაშინ პატარა ქვეყნებს აღარაფერი აღარ რჩებათ გარდა იმისა, რომ ღნავილ- ხავილ, ჭიკჭიკ- სიცილ- ღიმილით მონდომებული, პირზე ქაფმორეული ლაპარაკით განვითარებულობაზე დადონ თავი. და ბოლოს თავი იმით ვიმშვიდოთ, ბუნება ხომ მაინც გვაქვს კარგი.
ხოლო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ბედნიერი და უბედური ქვეყნების მონაცემებს შეადგენენ და ჩვენი ქვეყანა ერთ- ერთ ადგილს დაიკავებს ყველაზე უბედური ქვეყნების რიგში, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოსალოცად არ გვექნება, თვითონ ფაქტს რომ: ჩვენ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, არეალში, თვალთახედვაში მოვხვდით- მოსალოც ფაქტად მივიღებთ. რადგან იგი სრულიად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობაზე. ხოლო პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, ყურადღების მიქცევა, ეს ის არის, რაც პატარა ქვეყნებს თანაბრად და განსხვავებით უფრო მეტად დიდი ქვეყნებისგან, როგორც წყალი და ჰაერი ისე სჭირდებათ. და რადგანაც სიმდიდრე ის არის, რაც არასდროს არ გაქრება, ხოლო სიღარიბე ის არის, რაც ყოველთვის იქნება, მაშინ არასდროს გვექნება სხვა გზა გარდა იმისა, რომ სიღარიბის სილამაზეობით არ დავტკბეთ, რაც ესე ლამაზად არის წარმოჩინებული ხელოვნებასა თუ წიგნებსა და ფილმებში. ხოლო ჭადრაკის დაფაზე გაგრძელდება თამაში სახელწოდებით- „საყოველთაო მშვიდობის, თანასწორობის დამყარება მთელს მსოფლიოში.
ბავშვობაში, როდესაც ისეთი სიტყვათშეთანხმებები მესმოდა, როგორიც იყო „ წიგნის ჭია“ და „ მისი საყელოც კი ჭამს“, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი მათ მნიშვნელობას და იმას თუ ჩემი წიგნისმოყვარულობის მიუხედავად რა კავშირი უნდა გვქონოდა- მე ზამთარ- ზაფხულ, ჯანმრთელ- ჯანსაღ, თავად თურაშაულის ვაშლივით მარად წითელლოყება, მდინარეების პყრობით მოამაყე, ცურვის სეზონის გახსნით თავმომწონე, დილიდან საღამომდე სახლში არ შემომსვლელ, მზეზე დამწვარ-დახრუკული კანით სიცხედ მოღვარღვარე და დედის წასმული მაწვნის მიერ გამოთეთრებულ-გაადამიანურებულ გოგოსა და დაჭყანულ, უმწეო ჭია-არსებას შორის. ასევე, არ მესმოდა, თუ რატომ უნდა მეკითხა ქართველი მწერლების/ შემოქმედების ნაწარმოებები. წიგნების კითხვა ჩემთვის იმ სინამდვილიდან გაქცევის მცდელობა იყო, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ქართულ ნაწარმოებებში კი ეს სინამდვილე მუდმივად წინ მხვდებოდა და თავისი სინამდვილობით მთრგუნავდა, მაშინებდა.
ამ საკითხის ხელახალი განხილვის სურვილი წინა, გასულ, ზაფხულს გამიჩნდა, როდესაც სინდისის ქენჯნამ შემაწუხა მე გერმანისტიკის/ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ანტიკური ხანის ლიტერატურიდან მოყოლებული დღემდე, მიუხედავად წასაკითხი წიგნების სიის სიგრძისა, /სიმრავლისა, დროისა და ნაწარმოებების სიდიდისა, ყველა წიგნს კითხულობდა, ხოლო საკუთარი ქვეყნის მწერალთა ნაწარმოებები არ ჰქონდა წაკითხული.
ჰოდა, სიამაყით განვაცხადებ, რომ წავიკითხე საქართველოს ისტორიის ორივე ნაწილი და ასევე პოეზიად ნათარგმანები საქართველოს ისტორია, საქართველოს ხასიათი- ვეფხისტყაოსანი.
ქართველი წარმოშობის გრიგოლ ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი წიგნში „ მწერალი და თვითმკვლელობა“ წერს: როდესაც ადამიანს არ უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, მაშინ მისი სასიცოცხლო ინსტინქტები დუნდება და იშრიტება, ხოლო როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მისი სასიცოცხლო ინსტიქტები ძლიერდება.
ალბათ სწორედ ეს არის ერთი ერთი მიზეზი, იმ მრავალ მიზეზთა შორის, რომ ჩვენი ქვეყნის მუდმივი წარუმატებლობის, უიღბლობის, დამარცხებების, გაუმარჯვებლობების, ჩაძნეყვების, დამონების ისტორიულობის მიუხედავად, მაინც აჯანყებებით, ამბოხებით, დამოუკიდებლობის აქტებით, თავისუფლების ნებით საკუთარი გეზის აღების, საკუთარი გზის გაკვალვის სურვილით და მცდელობით: გამარჯობა- გამარჯვება- გაგიმარჯოს- გაგვიმარჯოს, შენ გაგიმარჯვოს, ჩვენ გაგვიმარჯვოს- ხასიათდება.
ზოგადად, აქამდე, უფრო ადრე, აკაკი წერეთლის ნაწარმოებთან- „ჩემი თავგადასავალი“ , ვიყავი დამოყვრებული. რომელმაც თავისი სიფაქიზით, გულწრფელობით, ალალობით სიწრფელით, სიკეთით, სიყვარულით იმდენად გამაკვირვა, რომ ცოტათი გულიც ჩამწყდა მანამდე რომ არ დავტკბი, არ ჩავტკბი, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ცხოვრებრიობით და ჩვენი ბავშვობის ბავშვობრიობით, ჩვენი ქვეყნის ქვეყნობრიობით. რადგან, რასაც კითხულობ შენია, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი სახლის, შენი სისხლის, შენი გენის.
და კარგია…..
როცა აკაკი პირველად ჩაიხედავს სარკეში და თავის გამოსახულების შემხედვარე, არც გაიკვირვებს, არც გაიოცებს, ეს ხომ- მისი ანარეკლია, რომელიც ისედაც უნახავს მდინარეში, მდინარის ზედაპირზე, მდინარის რაკრაკში. როცა მის დაწერილ მოთხრობას- სპექტაკლად დადგამენ და მოურავს გააჯავრებენ. როცა შობის დღესასწაულზე, მოალილოები თავიანთი გალობით მამას გააღვიძებენ, ის კიდევ გაჯავრებული გამოეკიდება, რატომ გამაღვიძეთო და ყველაფერს ძირს დააყრევინებს, ხოლო როცა ხასიათზე მოვა, უხვი ნობათით დაასაჩუქრებს. როცა ძილის პირულის წინ: დავწვები დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრახატი ცხრა ანგელოზი თავითა დამესვენება.
ამედეო მოდილიანის თქმით „ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ მთელ სამყაროზე უკეთესი“, ხელოვნებაც ადამიანს ჰგავს, ის მისი სულის, გულის გამომხატველია, მეგობარს ჰგავს, რომელიც ამბავს გიყვება საკუთარ თავზე, საკუთარ გზაზე, ან იქნებ შენს თავზე, შენს შესახებ?
ხშირად, როცა დედას ვთხოვ ხოლმე რომ უფრო მეტი მოთხრობა, ლექსი და წიგნი დაწეროს, ის მპასუხობს : მწერალი კონტეინერი არ არის რომ ნახევარ ფაბრიკატი-პროდუქტების მსგავსად ერთნაირი ხარისხის, ფორმის, რაოდენობის, სიდიდის წიგნები წკაპ- წკაპობით აწარმოოს. რადგან წყაროს წყალივით მორაკრაკე, მშიერის სამი თევზის სიუხვით დამპურებელი და მწყურვალის დამარწყულებელი პოეზია მხოლოდ ცხოვრების სიმწარეში, გადაწურულ იმედებში გამოჯორკნილი ხელების თითებით იწერება.
ხოლო ქართველ კლასიკოს მწერლებს რასაც ვამჩნევ, ეს არის ის, რომ როცა მათ კითხულობ, გგონია, სწორედ ის არის ყველაზე საუკეთესო, სრულყოფილი და შენიანი, ხოლო როდესაც კითხვას გააგრძელებ, ის უკვე ისეთ დასში აღმოჩნდება, რომელთა ღვთაებრივი ტკივილით მოეჭვილი გვირგვინი, ქვეყნის სიყვარულად- ეკლად დაგესობა გულში.
პირველად, როცა ეს მწერალი დავინახე საკლასო კლასში დედიკოს თხოვნით მოსული, მეწყინა, ვერ მივხვდი, რა ესაქმებოდა ჩვენთან, თუ ისეთი სახით უნდა მჯდარიყო, რომელიც თითქოს ამბობდა, მე აქ კი ვარ, მაგრამ მაინც არ ვარო. რატომ იყო ესეთი მოღუშული,მოღუშული თუ სევდიანი?
მისი მოთხრობა ,,შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“ წაკითხული გვქონდა, დედა გვაკითხებდა კლასში- სანახევროდ ჩამქრალ ბუხართან მჯდარი შალიკო რომ საგმირო საქმეებს იგონებს. ბევრს რომ ვიცინოდით ესეც მახსოვდა, თუმცა რა უნდა ყოფილიყო სასაცილო სანახევროდ ჩამქრალ ბუხრთან მარტოსულ, მარტომყოფ ადამიანის მონათხრობში, ვერ ვხვდები ეხლა.
ამ შემოდგომაზე, როცა ყველა ფერმა კაშკაში დაიწყო, გადავწყვიტე, რომ ადრე რამდენჯერმე დაწყებული და შემდეგ კვლავ შეწყვეტილი წიგნის კითხვა დამეწყო იმ ქალაქის შესახებ, რომელსაც ზოგჯერ ნაცრისფერს უწოდებენ, რომლიდანაც გაქცევა და გაღწევა უნდათ, რომლის სახელსაც დიდებული იუმორით თავის მოსაწონებლად, მოსწრებულ ხუმრობად წარმოთქვამენ, იკრიჭებიან და იცინიან. და რომელიც არც სიყვარულის ქალაქია, არც რომანტიკის და არც ეროტიკის, რომელიც თითქოს უფრო სატრფოს ჰგავს- ნირწამხდარს, სხვაში რომ გაცვალეს.
იმ პატარა, დიდი ქალაქის შესახებ- ხელისგულზე რომ დაგეტევა მთელი მისი სიხარულებით, მწუხარებებით, სიყვარულებით თუ სიძულვილებით. იმ ქალაქის შესახებ, სადაც ზაფხულში სიცხით გამთბარი ქუჩები და ზამთარში სიცივით გაყინული შენობები ყვავის. იმ თეთრი ხიდის შესახებ, დედამ ერთხელ რომ თქვა : ამ ხიდზე რომ გადავალ თავი სამყაროს ჭიპი მგონიაო. იმ თეთრი ქვების შესახებ, ჩვენი ცხოვრებებით დინოზავრებად რომ გაზრდილან და ელოდებიან, თუ როდის დავრჩებით მათ მოგონებებად.
მუსიკა ქარში.
მუსიკა რომელიც გაისმის ცხოვრების ხმაურში, ავდარსა თუ დარში, ქარსა და ქარიშხალში, კორიანტელში, ქარის მუსიკა, მუსიკის ქარი. მწვანე ყვავილაზე რომ ახვალ და იქ დაგხვდება: „გაერევა ერთი ასში, მუსიკა რომ ესმის ქარში“… მუსიკა რომ ესმის ქარში, მუსიკა რომ გესმის ქარში, მუსიკა თუ ესმის ქარში, მუსიკა თუ გესმის ქარში, მუსიკა ქარში , მუსიკა ქარში… მუსიკა! ქარში!
შემდეგ?-
ვეკითხები დედას,
დანარჩენს, როცა კითხვას ისწავლი,მაშინ წაიკითხავ- ამბობს დედა და წიგნს ხურავს.

Advertisements

ჰარი ჰარალე დედაო

გაბაშვილის გორაზე ვიდექით მე და მარი და თეთრ ხიდს გადმოვყურებდით.   ხიდზე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საგანგებო მზადება მიმდინარეობდა. ხალხი იკრიბებოდა. თეთრ ხიდზე დიდი ეკრანიც განეთავსებინათ, სკამებიც მზად იყო მაყურებლებისთვის.  მარის ვუთხარი : ასე მგონია,  თეთრი ხიდია მთელი ქალაქი მეთქი და მგონი ზუსტად ეგრეა.

_MG_4816[1]

საღამოს, თეთრ ხიდზე, რეზო გაბრიაძის რომანის,  “ქუთაისი ქალაქიას” მიხედვით, მისი შვილის ლევან გაბრიაძის მიერ გადაღებული ფილმის  ” ჰარი ჰარალე დედაო” ჩვენება გაიმართა.  ანიმაციურ  ფილმში რეზო გაბრიაძე ჩვენი პატარა ქალაქის, თეთრი ხიდის, მისი   ბავშვობის,  ბებია-ბაბუის,#6 ბიბლიოთეკის და გერმანელი ტყვე შულცის   ამბავს გვიყვებოდა. ჩარლი ჩაპლინი ამბობდა : სიკეთე არის ის, რასაც ბრმა ხედავს და ყრუს ესმისო.  სიკეთესთან ერთად სიყვარული არის ის,  რასაც ყველა ვგრძნობთ და გვესმის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიგრძნობდით იმ ტკბილ სევდას, რომელიც ამ ანიმაციამ დაგვიტოვა.

IMG_4820[1]_MG_4806[1]IMG_4822[1]IMG_4818[1]IMG_4827[1]IMG_4838[1]